პროტესტის ფონზე, ევროკავშირმა სამხრეთ ამერიკის ბლოკ „მერკოსურთან“ მასშტაბური თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება გადადო

მოქმედი პოლიტიკური და სოციალური წინააღმდეგობების გამო, ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის სავაჭრო ბლოკ Mercosur-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა იანვრამდე გადადონ,- ინფორმაცია უცხოურ სააგენტოებში ვრცელდება.

მედიის ცნობით, ფერმერების მწვავე პროტესტმა და საფრანგეთისა და იტალიის ბოლო წუთს გამოთქმულმა წინააღმდეგობამ შეთანხმების ჩაშლა გამოიწვია.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის სამიტზე განაცხადა, რომ ხელმოწერის საბოლოო ცერემონია იანვრამდე გადაიდო.

როგორც მედია აღნიშნავს, მხარეები ახლა იმედოვნებენ, რომ დამატებითი პოლიტიკური დისკუსიებისა და ტექნიკური დეტალების დაზუსტების შემდეგ, შეთანხმება წარმატებით განიხილება.

ექსპერტების შეფასებით, შეთანხმების გადადება ევროკავშირისთვის დიდ პოლიტიკურ და სავაჭრო გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ეს გრძელვადიანი შეთანხმება ათწლეულების განმავლობაში იყო განხილვის საგანი და მისი წარმატება მნიშვნელოვანი იქნებოდა ევროპის გლობალურ სავაჭრო პოლიტიკაში.

შეგახსენებთ, Mercosur-ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გულისხმობს ტარიფების თითქმის სრულ ლიკვიდირებას ევროკავშირის და სამხრეთ ამერიკის წევრ ქვეყნებს შორის, რაც ამ პარტნიორობას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სავაჭრო ზონად აქცევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები