McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი: კარგი მონაცემები გვაქვს, 2026 წლისთვისაც უკვე არის ჯავშნები
კარგი მონაცემები გვაქვს, 2026 წლისთვისაც უკვე არის ჯავშნები, – ასე აფასებს 2025 წელს გაწეულ სამუშაოებს მენეჯმენტ კომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი მაია წერეთელი, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და ბიზნეს სექტორის შეხვედრას დაესწრო.
„საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგების მიმოხილვა იყო. ვისაუბრეთ, როგორც მარკეტინგულ აქტივობებზე, ასევე მთელი წლის მონაცემებზე. რამაც ცხადია მოიტანა სტუმრების სიჭარბე. საკმაოდ დიდი დატვირთვაა, სასტუმროების თვალსაზრისით და ეს დატვირთვა კარგად პასუხობს იგივე შედეგებს, რასაც ჩვენ ვხედავთ საკუთარ სასტუმროებში, როგორც რეგიონებში ასევე თბილისში. კარგი მონაცემები გვაქვს, 2026 წლისთვისაც უკვე არის ჯავშნები“, – აცხადებს მაია წერეთელი.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბიზნეს ასოციაციის წევრებსა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ადმინისტრაციის 2026 წლის პროექტები და გეგმები გააცნეს. სხვადასხვა ბიზნესისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე პროექტებს, მარკეტინგულ კამპანიებსა და დაგეგმილ აქტივობებს გაეცნენ.
შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის სფეროში მიმდინარე ტენდენციები. მაია ომიაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას, მაღალშემოსავლიანი ტურისტული ნაკადის მოზიდვასა და საქმიანი ტურიზმის (MICE) მიმართულების გაძლიერებას. ამ კუთხით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კომბინირებულ მარკეტინგულ კამპანიებს ატარებს მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე. მათ შორის: ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
აღნიშნული ტენდენცია 2026 წელს არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ მოხდება ტურისტული შეთავაზებებისა და პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ახალი ტურისტული ადგილების განვითარება, ასევე გაფართოვდება კერძო სექტორის გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამები და სხვა.
შეხვედრაზე ასევე დაანონსდა ის, რომ საქართველო 2026 წელს აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ITB შანხაის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა იქნება. შეხვედრაზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მნიშვნელობას ტურიზმის განვითარებაში.
შეხვედრის დასასრულს, ბიზნესის წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციის დარგის განვითარების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.