პრემიერი: ორ მილიონზე მეტი ადამიანი გვყავს გაჭირვებაში

სოციალურმა მდგომარეობამ, რაც მის ხელისუფლებას დახვდა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა 2-წლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას სასტუმრო “რედისონში” განაცხადა. პრემიერის თქმით, ორ მილიონზე მეტი ადამიანი გაჭირვებაშია. “მე შემოვიარე მთელი საქართველო და ვიცი, როგორ ცხოვრობს ჩვენი ხალხი. ორ მილიონზე მეტი ადამიანი გვყავს გაჭირვებაში. ბევრ სოფელში დღესაც პრობლემაა წყალი, გაზი, გზები. 28 სოფელი დაგვხვდა საერთოდ ელექტროენერგიის გარეშე. ყველაზე აღმაშფოთებელი კი ისაა, რომ იმ ხელისუფლების ხელში, რომელიც თავს იწონებდა აღმშენებლობით, ხალხი უწამლობისა და უექიმობის გამო იღუპებოდა. აი, ასეთი ქვეყანა გადმოვიბარეთ ჩვენ. სწორედ ამიტომ ჩვენ დავიწყეთ სასწრაფოდ ამ რეალობის შეცვლა, რათა რაც შეიძლება სწრაფად მიეცეს ხალხს ამოსუნთქვის საშუალება. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ამ ვითარების ერთბაშად გამოსწორება, მაგრამ ჩვენ დავიწყეთ რეალური ცვლილებები და ის უდიდესი ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ ამ საქმეში ვდებთ, ის რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა სფეროში, აუცილებლად მოგვიტანს შედეგს და ფეხზე დააყენებს ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ყველა რეფორმის შედეგი სწრაფად არ ხდება ხელშესახები საზოგადოებისთვის.
“ამ ორ წელიწადში აბსოლუტურად ყველა სფეროში მივაღწიეთ მნიშვნელოვან წინსვლას, და ამ სიტყვების უტყუარობას არა მარტო ციფრები, არამედ ჩვენი საქმიანობის კონკრეტული შედეგებიც მოწმობს. დაწყებული ჯანდაცვითა და განათლებით, მეწარმეობის და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობით, დამთავრებული კანონის უზენაესობის დამკვიდრებით, – ყველა სფეროში გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. როგორც წესი, ყველა რეფორმის შედეგი სწრაფად არ ხდება ხელშესახები საზოგადოებისთვის. მოკლევადიანი, ეფექტზე გათვლილი ცვილებების ბოლოს მხოლოდ ჩიხია. ჩვენ კი ყველა სფერო რეალური განვითარების გზაზე დავაყენეთ. და მაინც, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. პირველ რიგში, ეს არის თავისუფალი მედია და თავისუფალი სასამართლო, რომლის გარეშეც, უბრალოდ, არ არსებობს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები