თბილისი იუნესკო-ს მედია ხელოვნების შემოქმედებითი ქალაქების საერთაშორისო შეხვედრას მასპინძლობს

თბილისის მერიის ორგანიზებით, 27-29 მაისს, დედაქალაქში იუნესკო-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის (UCCN) მედია ხელოვნების ქვეჯგუფის ყოველწლიური შეხვედრა იმართება, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 20-ზე მეტი ქალაქის წარმომადგენელი ესწრება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ გახსნა, რომელმაც აუდიტორიის წინაშე ქალაქებს შორის თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარებისა და კულტურული დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“მჯერა, რომ ქალაქებს შორის თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და კულტურული დიალოგი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის, არამედ უფრო ინკლუზიური, ინოვაციური და მდგრადი ურბანული მომავლის შესაქმნელად. კულტურა ის უნივერსალური ენაა, რომელიც ადამიანებს, ქალაქებსა და ერებს შორის ბუნებრივ კავშირს ქმნის. სწორედ კულტურას აქვს უნარი, დააახლოოს განსხვავებული გამოცდილების, ტრადიციებისა და ხედვების მქონე ადამიანები, გაამარტივოს ურთიერთგაგება და გახსნას ის კარები, რომლებიც ხშირად ფორმალური დიალოგისა და ოფიციალური კომუნიკაციისთვის დახურული რჩება. კულტურული თანამშრომლობა ქმნის ნდობას, ამყარებს პარტნიორობას და გვახსენებს, რომ განსხვავებების მიუხედავად, ჩვენ საერთო ღირებულებები და საერთო მომავლის შექმნის სურვილი გვაერთიანებს” – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

წლევანდელი შეხვედრის პროგრამა აერთიანებს იუნესკო-ს მედია ხელოვნების შემოქმედებითი ქალაქების წარმომადგენლებს, ხელოვანებს, კურატორებს, კულტურის სფეროს ლიდერებსა და შემოქმედებითი სექტორის პროფესიონალებს, რომლებიც კონფერენციის მიმდინარეობისას მსჯელობენ მედია ხელოვნების, თანამედროვე ურბანული განვითარების, ციფრული კრეატიულობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მომავალზე.

ასევე, პროგრამა მოიცავს, როგორც სტრატეგიულ სამუშაო სესიებს, ისე კულტურულ აქტივობებს, რომლებიც თბილისის თანამედროვე შემოქმედებით პოტენციალსა და საქართველოს კულტურულ იდენტობას წარმოაჩენს. მონაწილეები დაესწრებიან ქვეჯგუფის სამუშაო შეხვედრებს, ქართველი მედია ხელოვანების პრეზენტაციებს, ადგილობრივ შემოქმედებით საზოგადოებასთან ქსელურ შეხვედრებს, ასევე ეწვევიან თბილისის კულტურულ და ურბანულ სივრცეებს. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო უმასპინძლებს.

იუნესკო-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელი 2004 წელს შეიქმნა და აერთიანებს ქალაქებს, რომლებიც შემოქმედებას მდგრადი ურბანული განვითარების საფუძვლად მიიჩნევენ. მედია ხელოვნების ქვეჯგუფი კი აერთიანებს იმ ქალაქებს, რომლებიც ციფრული კრეატიულობის, ახალი ტექნოლოგიებისა და მხატვრული ექსპერიმენტების მეშვეობით მომავლის ქალაქებს ქმნიან.

ბოლო წლებში თბილისი აქტიურად ავითარებს შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდაჭერის პოლიტიკას, კულტურასა და ინოვაციას კი ურბანული განვითარების ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად განიხილავს. 2019 წლიდან თბილისის მერიის პროგრამა „შემოქმედებითი თბილისი“ უამრავ პროექტს უჭერს მხარს დიზაინის, საგამომცემლო საქმიანობის, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების, კულტურული მეწარმეობისა და ციფრული ექსპერიმენტების მიმართულებით.

როგორც იუნესკო-ს მედია ხელოვნების ქსელის წევრი ქალაქი, თბილისისთვის ამ კონფერენციის მასპინძლობა მისი მზარდი საერთაშორისო როლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა და ხაზს უსვამს ქალაქის პოზიციონირებას, როგორც რეგიონულ ცენტრს შემოქმედებითი ინოვაციებისა და კულტურული თანამშრომლობის მიმართულებით. შეხვედრა შექმნის ახალ შესაძლებლობებს საერთაშორისო შემოქმედებითი თანამშრომლობისთვის და კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს მედია ხელოვნების მნიშვნელობას თანამედროვე კულტურული და ურბანული ტრანსფორმაციის პროცესში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები