ხატია წილოსანი ჰააგის კონფერენციაზე: ღონისძიების მიზანია დაფუძნდეს საჩივრების კომისია, რომელიც ხელს შეუწყობს უკრაინისთვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნას, ჩვენ, როგორც კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა, ვიქნებით ჩართული პროცესებში
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ინიციატივით, ჰააგაში იმართება დიპლომატიური კონფერენცია, რომლის მიზანიც არის უკრაინისთვის საერთაშორისო საჩივრების კომისიის შექმნა. აღნიშნულ კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევა განხორციელდა ალან ბერსეს მიერ.
„ამ ღონისძიების მიზანია დაფუძნდეს საჩივრების კომისია, რომელიც ხელს შეუწყობს უკრაინისთვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნას და ამასთანავე მნიშვნელოვანი არის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ხელს მოაწერს კონვენციას. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც უკრაინისთვის სამართლიანობის აღდგენის კუთხით არის გადადგმული საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და საქართველოს მონაწილეობა მაღალ დონეზე აღნიშნულ კონფერენციაში ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა თანმიმდევრულად მხარს უჭერს უკრაინისთვის სამართლიანობის აღდგენას,“ – განაცხადა ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ხატია წილოსანმა.
მისივე თქმით, კონვენციის ფარგლებში შეიქმნება მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინისთვის სამართლიანი გადახდების და კომპენსაციების მექანიზმის ჩამოყალიბებას და მის ეფექტურად აღსრულებას.
„ჩვენ, როგორც კონვენციის ხელმომწერი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, მაქსიმალურად ვიქნებით ჩართული აღნიშნულ პროცესებში, გამჭვირვალედ და სამართლიანად, რომ მოხდეს საერთაშორისო ნორმების და დარღვეული საერთაშორისო სამართლის პრინციპების აღდგენა,“ – აღნიშნა ხატია წილოსანმა.