ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ეს ეხება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ კავშირებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თურქმენეთში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თურქმენეთში გამართული ფორუმში იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენს კოლეგებთან ერთად ვისაუბროთ თანმშრომლობის განვითარების თემებზე.
„დღეს მონაწილეობა მივიღეთ ფორუმში, რომელიც ეძღვნება თურქმენეთის მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადების 30 წლისთავს. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ფორმატებში მონაწილეობა. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას. დღეს აქ წარმოდგენილია ხუთივე სახელმწიფო ლიდერი. ასევე, აქ არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნები, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები, ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავება. ეს ეხება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ კავშირებს. ეს ფორმატი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენს კოლეგებთან ერთად ვისაუბროთ თანმშრომლობის განვითარების თემებზე „, – განაცხადა პრემიერმა.