შალვა პაპუაშვილი: საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთში იმყოფება ფორუმზე თურქმენეთის პრეზიდენტის მიწვევით, რომელიც ეძღვნება მშვიდობის საკითხებს, ფორუმის მონაწილეებს განსაზღვრავს თავად მასპინძელი

ვინც პატივს სცემს ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, მათ ვესაუბრებით, რუსეთის მხრიდან ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების მიმართ პატივისცემა გულისხმობს ოკუპაციის დასრულებას, ოკუპაცია არ არის დასრულებული, შესაბამისად არ ვსაუბრობთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთში იმყოფება ფორუმზე თურქმენეთის პრეზიდენტის მიწვევით, რომელიც ეძღვნება მშვიდობის საკითხებს.

,,ფორუმის მონაწილეებს განსაზღვრავს თავად მასპინძელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქ წარმოადგენს საქართველოს. ჩვენ პატივს ვცემთ თურქმენ კოლეგებს. ფორუმზე მიწვეული არიან სხვადასხვა ქვეყნიდან წარმომადგენლები, საერთო ფოტოებიც ხშირად არის ხოლმე, ერთთან შეიძლება, სხვანაირი ურთიერთობა გქონდეს, სხვასთან – სხვანაირი. თურქმენეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს, მათ შორის საქართველოს, როგორც შუა დერეფნის ძირითადი რგოლის მონაწილის მხრიდან, არის განსაკუთრებული ინტერესი საქართველო-თურქმენეთს შორის. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი პატივისცემა თურქმენეთის მიმართ. პატივისცემას არავინ გვავალდებულებს, ეს არის ადამიანური, სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება. არანაირი ინტერესების ხარჯზე არ ხდება არაფერი. ვინც მზად არის, პატივი სცეს ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, მზად ვართ, ვესაუბროთ ყველას. ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესი არის ორი მთავარი ეროვნული ამოცანა – ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ხალხის კეთილდღეობის ზრდა. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ვინც პატივს სცემს ამ ინტერესებს, მათ ვესაუბრებით. რუსეთის მხრიდან ჩვენი, ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების მიმართ პატივისცემა გულისხმობს ოკუპაციის დასრულებას. ოკუპაცია არ არის დასრულებული, შესაბამისად არ ვსაუბრობთ. დიპლომატიური ურთიერთობაც არ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. არის ერთადერთი, ჟენევის ფორმატი, სადაც გვაქვს შესაძლებლობა, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, გვქონდეს კონტაქტი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, ვინაიდან მათ აქვთ ეფექტური კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სხვა მხრივ, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რა არის საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გადატვირთვის წინაპირობა, ეს არის საქართველოს დეოკუპაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები