შალვა პაპუაშვილი: არანაირი შეხვედრა ირაკლი კობახიძესა და ვლადიმერ პუტინს შორის გათვალისწინებული არ არის

„არანაირი შეხვედრა ირაკლი კობახიძესა და ვლადიმერ პუტინს შორის გათვალისწინებული არ არის,“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თურქმენეთში მშვიდობის ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის და რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ერთი რამე დაამტკიცა განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, რომ მოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებით.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფება თურქმენეთის პრეზიდენტის მიწვევით თურქმენეთში ფორუმზე, რომელიც მშვიდობის საკითხებს ეძღვნება. ფორუმის მონაწილეებს განსაზღვრავს თავად მასპინძელი. საქართველოს პრემიერი იქ იმყოფება და წარმოადგენს საქართველოს. საქართველოს ხელისუფლებამ ერთი რამე დაამტკიცა განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებით. ვინც მზად არის პატივი სცეს ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, მზად ვართ ვესაუბროთ ყველას. ქართველი ხალხის ინტერესი არის ორი – ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდა. ვინც პატივს სცემს ამ ინტერესებს, მათ ვესაუბრებით, ვინც არ სცემს, არ ვესაუბრებით.

რუსეთის მხრიდან ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების პატივისცემა გულისხმობს ოკუპაციის დასრულებას, შესაბამისად არ ვსაუბრობთ. შეიძლება ვერ ატყობთ, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობაც არ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. ერთადერთი – ჟენევის ფორმატია, სადაც გვაქვს შესაძლებლობა ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე გვქონდეს კონტაქტი, ვინაიდან მათ აქვთ ეფექტური კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ახორციელებენ ამ ტერიტორიების ოკუპაციას. ირაკლი კობახიძესა და ვლადიმერ პუტინს შორის არანაირი შეხვედრა გათვალისწინებული არ არის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები