“რაც ჩვენ ხელისუფლებაში ვართ, ფაქტობრივად აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ ჩვენი მართლმსაჯულება მოქმედებს ძალიან მაღალი სტანდარტით” – მაჭავარიანი
“აქ არაფერი ყოფილა ჩვენთვის მოულოდნელი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დადგინდა, ეს იყო ძალადობრივი აქცია, ეს იყო შტურმის მცდელობა პარლამენტზე”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განუცხადა.
როგორც მან განმარტა, დადგინდა ისიც, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერები იყვნენ წამქეზებლები ამ ყველაფრის.
“იგივე დესტრუქციულ რეჟიმში აგრძელებენ ისინი მოღვაწეობას. ასევე დადგინდა ის, რომ კითხვის ნიშნები არსებობს ჩატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. კერძოდ, ამ შემთხვევაში პროპორციულობასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენება მოხდა იმ ადამიანების მიმართაც, რომლებიც არ იღებდნენ მონაწილეობას ძალადობრივ აქციებში. სწორედ ეს არის, რასაც ჩვენი მართლმსაჯულება ედავება ბატონ გახარიას და სწორედ ამ მიმართულებით არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული ბატონი გახარიას წინააღმდეგ.
გრძელდება ტენდენცია, რაც ჩვენ ხელისუფლებაში ვართ, ფაქტობრივად აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლო ადგენს იმას, რომ ჩვენი მართლმსაჯულება მოქმედებს ძალიან მაღალი სტანდარტით და ეჭვქვეშ არ აყენებს სასამართლო იქნება თუ პროკურატურა, გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამით პოლიციის მიერ პარლამენტის წინ ანტისამთავრობო დემონსტრაციის დაშლას ეხება.
24 მომჩივანის მიმართ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ორივე ასპექტის დარღვევა (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა/ეფექტიანი გამოძიების ნაკლებობა). 14 მომჩივანთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა (გამოხატვის თავისუფლება). ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ 11 მომჩივანის მიმართ დარღვეულ იქნა კონვენციის მე-11 მუხლი (შეკრების თავისუფლება).