მიხეილ გოგოლიძე: „კოორდინირებულად და აქტიურად ვმუშაობთ, რათა ქვეყანაში დავნერგოთ ნარჩენების მართვის ევროპული სტანდარტები“

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ იმერეთში არსებული ნაგავსაყრელები დაათვალიერა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის დირექტორი ობიექტების ოპერირების პროცესს გაეცნო და ადგილობრივი თანამშრომლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო ნაგავსაყრელების დღევანდელი მდგომარეობის, მათ შორის, არსებული გამოწვევების შესახებ.

მიხეილ გოგოლიძე ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილე დავით ნიშნიანიძესაც შეხვდა და ნარჩენების მართვის კუთხით მიმდინარე საკითხები განიხილა.

„იმერეთში ყველა არსებული ობიექტი კანონის ნორმების დაცვით ფუნქციონირებს, თითოეული მათგანი შემოღობილი და დაცულია, მიღებული საყოფაცხოვრებო ნარჩენი კი იპრესება სპეციალური ტექნიკით და იფარება ნიადაგის საფარით, თუმცა ნაგავსაყრელების სიძველიდან გამომდინარე, არსებობს სერიოზული გამოწვევები, რომლებსაც, უმოკლეს დროში უნდა გავუმკლავდეთ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინირებულად, აქტიურად ვმუშაობთ, რათა ქვეყანაში დავნერგოთ ნარჩენების მართვის ევროპული სტანდარტები, ავაშენოთ თანამედროვე ობიექტები, რომელთა გახსნის შედეგად, ძველი ნაგავსაყრელები ეტაპობრივად დაიხურება“, – განაცხადა მიხეილ გოგოლიძემ.

იმერეთის მხარეში, ამჟამად, 5 მოქმედი და 4 დახურული ნაგავსაყრელია: ქუთაისში, სამტრედიაში, საჩხერეში, ტყიბულსა და თერჯოლაში არსებული ობიექტები მოქმედია, ხოლო ზესტაფონში, ჭიათურაში, ხონსა და ხარაგაულში – დახურული. მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ობიექტებზე, საჭიროების დროს, რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელეს. მიუხედავად ამისა, უმეტესი მათგანის სამუშაო რესურსი ამოწურვის ზღვარზეა. სწორედ ამიტომ, კომპანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის სამინისტროსთან, ასვე, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, აქტიურად მუშაობს ძველი ნაგავსაყრელების ახალი, თანამედროვე ტიპის ნარჩენების განთავსების ობიექტებით ჩანაცვლების საკითხზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები