მარიამ ლაშხი – ოპოზიციას: იმის მაგივრად, რომ გქონოდათ სიღრმისეული, შინაარსობრივი, საგნობრივი განხილვა კანონპროექტებთან მიმართებაში, არათუ მხარი არ დაუჭირეთ კანონპროექტს, არამედ წითელი ღილაკით გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება – დღეს, თქვენ აირჩიეთ თქვენი ადგილი თქვენს პოლიტიკურ მოღვაწეობაში

“სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ გქონოდათ გარკვეული ალტერნატიული შემოთავაზებები, გქონოდათ სიღრმისეული, შინაარსობრივი, საგნობრივი განხილვა ან კანონპროექტებთან მიმართებაში, ან კონცეფციის გამოწვევებთან მიმართებაში, თქვენ დღეს არათუ მხარი არ დაუჭირეთ ამ კანონპროექტს, არათუ თავი შეიკავეთ, არამედ წითელი ღილაკით გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება ჩვენი მომავლის და სახელმწიფოს განვითარებისთვის. დღეს, თქვენ აირჩიეთ თქვენი ადგილი თქვენს პოლიტიკურ მოღვაწეობაში,” – ასე მიმართა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოში.

მან თავისუფალი ტრიბუნით ისარგებლა და განათლების რეფორმის ისტორიულ და მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა. ასევე, პასუხი გასცა ოპოზიციის მძიმე ბრალდებებს და არასწორ ინტერპრეტირებას.

ლაშხმა ოპოზიციის მისამართით თქვა, რომ მათ რეგიონებში სასწავლო პროცესის და მოსახლეობისთვის სწავლის ხელმისაწვდომობას უთხრეს უარი.

„მინდა იმ გამოწვევებზე ვისაუბრო, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დააანონსა და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ცნობილი გახდეს, თუ რა გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა, რომელ გამოწვევებს პასუხობს ჩვენი რეფორმა და რომელ გამოწვევებს უთხარით უარი.
პირველი, ეს არის უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია, რომელზეც მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი სტუდენტების 85% თავმოყრილია დედაქალაქში და რომელსაც სჭირდება განტვირთვა. ამ გამოწვევაზე საპასუხოდ რეფორმა ახორციელებს რეგიონების საჭიროებების და ახალი მუხტის მინიჭებას, რომელსაც თქვენ უთხარით უარი.
შემდეგი გამოწვევა არის რესურსების ირაციონალური გამოყენება და უნივერსიტეტებში სწავლის ხარისხის უთანაბრობა. რეფორმების ნაწილში არის ნაჩვენები, რამდენად დიდი კონცენტრირება ხდება უშუალოდ ხარისხზე. ის, რომ დღეს სახელმწიფო იღებს პასუხისმგბელობას სახელმწიფოს მიერ გაცემულ თანაბარ დიპლომებზე, ამ ნაწილში განათლების კვალიფიკაციის ხარისხის უზრუნველყოფა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და სწორედ ამას პასუხობს ჩვენი რეფორმა.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სრულ პროფესორებს ექნებათ დაფასებული ხელფასი სულ მცირე 10 ათასი ლარის ოდენობით და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა იმისათვის, რომ პროფესორმა შეძლოს როგორც სწავლება, კვლევითი განვითარება, ასევე უნივერსიტეტის განვითარება და ეს არის პასუხი ხარისხიან განათლების ხელმისაწვდომობაზე.
ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ის, რომ სუსტი კავშირია უმაღლესი განათლების პრიორიტეტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის. მნიშვნელოვანია, რომ ბაზრის კვლევის მიხედვით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ სწორედ ეს პრიორიტეტები დავსვათ. კვოტირებები გავანაწილოთ და ეს არავითარ შემთხვევაში არ არის აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა. ეს არის ის რეალიზება, რომ ხარისხი იყოს უზრუნველყოფილი და შრომის ბაზარს აწვდიდეს შესაბამის განათლებულ, კვალიფიციურ კადრებს“, – აღნიშნა ლაშხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები