გურამ მაჭარაშვილი: ეს აღარ არის მხოლოდ პროტესტის უფლება, რადიკალების მიზანია სხვებს დისკომფორტი შეუქმნან და ამაზე სახელმწიფოს არ ჰქონდეს რეაგირება – ეს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება
პარტია „ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებებს მედიასთან ეხმიანება.
„ეს აღარ არის მხოლოდ პროტესტის უფლება, არამედ მიზანი ხდება სხვებისთვის დისკომფორტის შექმნა, სხვისი უფლებების შეზღუდვა. და თურმე ეს ყველაფერი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, თუმცა ეს არც ერთ სახელმწიფოში არ ხდება”- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ რადიკალებმა აიძულეს ხელისუფლებას ამ ფორმით დაეცვა მოსახლეობის უმრავლესობის უფლებები.
„ავხსნათ, რატომ იქმნება კანონმდებლობა და რატომ შედის ცვლილებები კანონებში ნებისმიერ სახელმწიფოში. ამის მიზეზი ის არის, რომ თითოეულ საზოგადოებაში არსებობს გარკვეული ურთიერთობები და აუცილებელია მათი რეგულირება. ამისთვის კი, ის, რაზეც აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, სახელმწიფომ უნდა განამტკიცოს კანონით, რომელსაც ყველა დაემორჩილება. ეს არის დემოკრატიის პრინციპი: როდესაც უმრავლესობა თანხმდება გარკვეული ქცევის წესებზე, რომ ეს არის მიღებული და სწორი, ამას ეძლევა ლეგალიზაცია -ანუ კანონის სახე და ყველა უნდა დაემორჩილოს.
საპროტესტო აქციების შემთხვევაშიც მიზანი ის არის, რომ ხალხს მიეცეს საშუალება, საზოგადოებამ და ხელისუფლებამ გაიგოს, რას აპროტესტებენ. ეს კი უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ.
კონვენციები იქმნებოდა იმისთვის, რომ ადამიანებს არ შეეზღუდოთ უფლება საჯაროდ გამოხატონ პროტესტი, ეს მედიამ გააშუქოს და ამის შესახებ ინფორმაცია მივიდეს ხელისუფლებასა და საზოგადოებასთან. სამწუხაროდ, ხშირად მიზანი იცვლება: ეს აღარ არის მხოლოდ პროტესტის უფლება, არამედ მიზანი ხდება სხვებისთვის დისკომფორტის შექმნა, სხვისი უფლებების შეზღუდვა. და თურმე ეს ყველაფერი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, თუმცა ეს არც ერთ სახელმწიფოში არ ხდება. კარგად ვხედავთ, ამერიკაშიც და დიდ ბრიტანეთშიც, როგორ უსწორდებიან ადამიანებს, რომლებიც ძალადობრივ აქციებს აწყობენ.
გავიხსენოთ არა ტრამპის, არამედ ბაიდენის სიტყვები: ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ლეგალურ და მშვიდობიან აქციაზე, ხოლო არალეგალურ და ძალადობრივ აქციაზე ადამიანის უფლებების დაცვა სავალდებულო არაა.
გავიმეორებ: ცვლილებები უზრუნველყოფს, რომ ათეულ და ასეულ ადამიანს, რომელსაც აქვს რაღაცის გაპროტესტების სურვილი, მიეცეს პროტესტის გამოხატვის საშუალება, შსს-ს მიერ გამოყოფილ დროსა და ტერიტორიაზე. და არა ისე, რომ 10, 100 ან 150 ადამიანმა შეაწუხოს მილიონი ან ნახევარი მილიონი ადამიანი, ეს არაფერში არ ჯდება. სწორედ ამას უზრუნველყოფს ცვლილებები კანონში.
სახელმწიფო მიიყვანეს ამ დონემდე, რომ ამ ფორმით დაიცვას მოსახლეობის უმრავლესობის უფლებები. რადიკალების შემთხვევაში ადამიანის უფლებები მხოლოდ მათი მომხრეებისთვის არსებობს, ხოლო დანარჩენი აბსოლუტური უმრავლესობა – ადამიანები არ არიან და არ სჭირდებათ განსაკუთრებული დაცვა,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.