კახა კალაძე: როგორ შეიძლება პოლიტიკურად მოტივირებული დაარქვა საქმეს, როდესაც სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდნენ და ამაზე რამდენიმეთვიანი კამპანია ჰქონდათ

„ყველას მოუწევს თავის ჩადენილ დანაშაულს კანონის ფარგლებში გასცეს პასუხი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესებისა და ამ მოვლენებზე დასავლეთის მხრიდან გაკეთებული განცხადებების შეფასებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, მსგავსი განცხადებები გასაკვირი არ არის, რადგან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას სწორედ გარე ძალები ედგნენ სათავეში.

„როგორ შეიძლება პოლიტიკურად მოტივირებული დაარქვა საქმეს, როდესაც სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდნენ და ამაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდათ კამპანია?! ისინი განცხადებებს აკეთებდნენ დამხობაზე, სახელმწიფო გადატრიალებაზე და შემდეგ ამის აღსრულება დაიწყეს. უბრალოდ შესაბამისმა უწყებებმა იმოქმედეს და ეს ძალადობრივი ქმედებები აღკვეთეს. ცხადია, ყველას მოუწევს თავის ჩადენილ დანაშაულს კანონის ფარგლებში გასცეს პასუხი.

დასავლეთი ხომ ხელს უწყობდა ამ ყველაფერს, რომ ამ ფორმით წარმართულიყო მოვლენები. ყველაფერი მათი დაფინანსებით ხდებოდა, მათ შორის იმ ძალების წახალისება, რომლებიც ძალადობრივ დაჯგუფებებს წარმოადგენენ. მე არც მიკვირს ის განცხადებები, რასაც საქართველოსთან მიმართებით ვისმენთ, თუნდაც აღნიშნულთან დაკავშირებით, რადგან ამ დაჯგუფებების სათავეში არაფორმალური გარე ძალები არიან. არაფორმალური მმართველობა თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი პრობლემაა. ამაზე უკვე ღიად დაიწყეს საუბარი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ა.შ.“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები