რევაზ სოხაძე: თითოეულმა შენობა-ნაგებობამ თანამედროვე, ესთეტიკური არქიტექტურის დამკვიდრებას უნდა შეუწყოს ხელი

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კერძო სექტორს დადგენილების პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა წარუდგინა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რეგულაციების შემუშავებაზე რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა უწყებასთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად მუშაობდა.

რევაზ სოხაძემ შეხვედრაში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისა და არქიტექტურული ბიუროების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა.

მინისტრის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ წამოწყებული ინიციატივა არქიტექტურული გარემოს მოწესრიგების კუთხით მნიშვნელოვანი და საჭირო ნაბიჯია. როგორც მან აღნიშნა, წლებია საზოგადოებას, მათ შორის, არქიტექტორების ფართო წრეს, აწუხებს თბილისსა და რეგიონებში არქიტექტურულად უსახური და გარემოსთან შეუსაბამო შენობების გაჩენა. ამასთან, საქართველოში ბოლო 30–35 წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ ექცეოდა ყურადღება ე.წ. „მეხუთე ფასადს“, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევა.

მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივა მთავრობის კომპლექსური მიდგომის ნაწილია. პირველად ქვეყნის ისტორიაში, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაიწყო სახელმწიფო პროექტების დაპროექტება ღია კონკურსების მეშვეობით და შედეგად, თითოეულ პროექტზე 8–10 მაღალი ხარისხის კონკურსანტი მონაწილეობს, ხოლო წარმოდგენილი ნამუშევრები იმდენად ძლიერია, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხშირად რთულიც კი ხდება. მინისტრის შეფასებით, ეს არქიტექტურის განვითარების თვალსაზრისით უპრეცედენტო ეტაპია.

სოხაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო აღარ გეგმავს მხოლოდ ფუნქციური შენობების აშენებას. ახალი მიდგომაა თითოეული ობიექტი გახდეს მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ნაგებობა და რეგიონებში თანამედროვე, ესთეტიკური არქიტექტურის დამკვიდრებას შეუწყოს ხელი.

მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით და უკვე თითოეული ქალაქისა და დაბის დონეზე შეიქმნება დეტალური რეკომენდაციები სამშენებლო მასალებისა და არქიტექტურული სტანდარტებისთვის.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ საქართველოში ბუნებრივი მასალების წარმოებას დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა მათი ეფექტური გამოყენება ყოველთვის არ ხდება. ახალი მიდგომები ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას და რესურსების სწორ გამოყენებასაც.

დასასრულს, რევაზ სოხაძემ მადლობა გადაუხადა ეკონომიკის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის და აღნიშნა, რომ განხორციელებული ნაბიჯები სრულად შეესაბამება იმ მოლოდინებს, რაც სახელმწიფოს აქვს არქიტექტურის განვითარებისა და თანამედროვე ურბანული სტანდარტების დანერგვის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები