გურამ მაჭარაშვილი: მშვიდობიანი მოქალაქე ის რამდენიმე ათეული ადამიანია, ვისაც უნდა რომ რუსთაველი გადაკეტოს და მილიონზე მეტ ადამიანს დისკომფორტი შეუქმნას
„მშვიდობიანი მოქალაქე ის რამდენიმე ათეული ადამიანია, ვისაც უნდა რომ რუსთაველი გადაკეტოს და მილიონზე მეტ ადამიანს დისკომფორტი შეუქმნას,“- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარია პროტესტის ისეთი ფორმით გამოხატვაზე, რომ მილიონობით ადამიანს დისკომფორტი არ შეექმნას.
„მშვიდობიანი მოქალაქე ის რამდენიმე ათეული ადამიანია, ვისაც უნდა რომ რუსთაველი გადაკეტოს და მილიონზე მეტ ადამიანს დისკომფორტი შეუქმნას და დანარჩენები ძალადობრივი ადამიანები არიან თუ როგორ?!
ადამიანები საჯაროდ აცხადებენ, რომ უნდათ ზიანის მიყენება ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის, რადგან სურთ, გაზარდონ პროტესტი, რომელიც ნელ-ნელა მილევადია. პროტესტია ის, როცა მე და რამდენიმე ადამიანს გვაქვს სურვილი, რომ ხელისუფლებამ, საზოგადოებამ გაიგოს, თუ რას ვაპროტესტებ და არა ის, რომ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს დისკომფორტი შეგიქმნათ! საუბარია პროტესტის ისეთი ფორმით გამოხატვაზე, რომ მილიონობით ადამიანს დისკომფორტი არ შეექმნას. მაშინ, რას ნიშნავს უმრავლესობის მმართველობა?! იმ ადამიანებს ადამიანებად არ ცნობთ, ვისაც აქვს უფლება, რომ სამსახურში წავიდეს, თუ როგორ არის საქმე?!“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის მიხედვით, დგინდება შს სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება. ამასთან ერთად, სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, დაუშვებელი ხდება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე, დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის სხვადასხვა კონსტრუქციებით და საგნებით გადაკეტვა.