ეკა სეფაშვილი: სრულად ვემხრობი მაღალკვალიფიციური პოლიციური კადრების მომზადებას და სისტემაში დასაქმებას, რაც კარგი იქნება ქვეყნისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაძლიერებისთვის 

პარტია “ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განათლების მინისტრის მოადგილეს ზვიად გაბისონიას კითხვები დაუსვა პოლიციელებისთვის სპეციალიზებულ სასწავლებელთან და საბაკალავრო პროგრამასთან დაკავშირებით.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ სპეციალიზებული სასწავლებლის არსებობა მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური კადრების მოსამზადებლად, რომლებიც თავიანთ ცოდნას ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის გამოიყენებენ.

ეკა სეფაშვილი დაინტერესდა თუ რა პრინციპით იქნება დაზღვეული რისკები იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი სპეციალიზებული სასწავლებლიდან სხვა სასწავლებელში გადასვლას გადაწყვეტს. ასევე, დეპუტატმა გამოცდებთან დაკავშირებით ისაუბრა. ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, რომ უმჯობესია ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის გამოყენება, თუმცა გამოცდებზე განსხვავებული ზღვრების დაწესება, რადგან საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკაზე მორგებული პროგრამისთვის სტუდენტები მზად იყვნენ და ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება.

„მინდა აღვნიშნო, რომ ეს ინიციატივა მისასალმებელია და მხოლოდ დადებითი, სიკეთის მომტანი შედეგების მქონე შეიძლება იყოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პოლიციელები სპეციალიზებულ განათლებას მიიღებენ უმაღლეს სასწავლებელში.

ამ პროგრამასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს:

პირველი – როგორც ვხედავ, საუბარია საბაკალავრო პროგრამაზე. დაიგეგმება თუ არა მომავალში ამ პროგრამის სამაგისტრო და სადოქტორო მიმართულებებიც?

მეორე კითხვა ეხება საერთაშორისო გამოცდილებას.

თქვენი განცხადებით, ეს არის პირველი საბაკალავრო პროგრამა საქართველოში. მაინტერესებს:

– რამდენად არის გათვალისწინებული საერთაშორისო პრაქტიკა ამ მიმართულებით?

– უცხოეთის რომელი ქვეყნების ანალოგ პროგრამებს ეყრდნობა ჩვენი მოდელი?

ვხედავთ, რომ ახლა მიმდინარეობს აკრედიტაციის პროცესი, სადაც ეს საკითხებიც განხილვის საგანი იქნება, თუმცა საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, კონკრეტულად რომელი ქვეყნების გამოცდილებას იზიარებს საქართველო პოლიციური უმაღლესი განათლების მიმართულებით.

მესამე კითხვა ეხება იმ რისკებს, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტში სამხედრო ტიპის საგანმანათლებლო პროგრამებზე მსჯელობისას გამოიკვეთა.

მაშინ პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ბევრი მსურველი ვერ ახერხებდა პროგრამის დასრულებას განსაკუთრებული დატვირთვისა და მოთხოვნის გამო. როგორც ვხედავ, ეს ახალი საბაკალავრო პროგრამაც მოიცავს სპეციალურ უნარ-ჩვევებს, ფიზიკურ მომზადებას. გარდა ამისა, სახელმწიფოს მოუწევს გაცილებით მაღალი ხარჯის გაწევა, ვიდრე ჩვეულებრივი აკადემიური პროგრამების შემთხვევაში, რადგან ამ პროგრამაში იგულისხმება კვება და სხვა განსაკუთრებული საჭიროებები.

სტუდენტებს გააჩნიათ მობილობის უფლება და შეიძლება 1-2 წელიწადში გადავიდნენ სხვა უნივერსიტეტში ან პროგრამაზე, რაც ქმნის რეალურ საფრთხეს, რომ სახელმწიფოს მიერ მათ ფიზიკურ, ტექნიკურ და სხვა მიმართულებებით მომზადებაზე გაწეული ხარჯი საბოლოოდ ფუჭი აღმოჩნდეს.

აქედან გამომდინარე, მაინტერესებს როგორ აპირებს სამინისტრო დაიცვას სახელმწიფო ინტერესი იმისგან, რომ სტუდენტმა ჩააბაროს, ისარგებლოს რესურსებით და შემდეგ, პროგრამა დატოვოს? რა სახის ვალდებულებები აქვთ სტუდენტებს სახელმწიფოს წინაშე?

ასევე, განმარტებით ბარათში ვხედავთ, რომ საუბარია ვალდებულებაზე – გარკვეული პერიოდი იმუშაონ სისტემაში. რამდენი წლის მუშაობაა გათვალისწინებული კანონპროექტის მიხედვით? და რა კრიტერიუმებით განისაზღვრება ეს ვალდებულება, რათა თავიდან იქნას აცილებული სახელმწიფო ხარჯების ფუჭად გაღება ან, შეიძლება ითქვას, მათი გაფლანგვის რისკი?

ვფიქრობ, სრულიად მისაღებია და სწორი, რომ თუ სტუდენტი სახელმწიფოს რესურსით დაასრულებს ასეთ სპეციალიზებულ პროგრამას, გარკვეული ვადით იმუშაოს შსს-ში. შემდგომ, თუ გადავა სხვა სისტემაში – მისი კვალიფიკაცია კვლავ სახელმწიფოს მოემსახურება და ქვეყნის უსაფრთხოებას გააძლიერებს.

ბოლოს კი, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ – ეს ინიციატივა ნამდვილად მისასალმებელია. სრულად ვემხრობი მაღალკვალიფიციური პოლიციური კადრების მომზადებას და სისტემაში დასაქმებას, რაც კარგი იქნება ქვეყნისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ,”- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დეპუტატის კითხვებზე პასუხად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, რომ საქართველო არის ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი აქედან გამომდინარე, პროგრამა შესაბამისობაშია ევროპული სტანდარტებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები