მაკა ბოჭორიშვილი: შეშფოთებული ვართ კოორდინირებული ქმედებებით, რომლებიც მიმართულია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ
,,ღრმად ვართ შეშფოთებულნი მართული დეზინფორმაციის კამპანიებისა და ზოგიერთი აქტორის კოორდინირებული ქმედებებით, რომლებიც მიმართულია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების წინააღმდეგ”,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, ეს მიზნად ისახავს, ზიანი მიაყენოს საზოგადოების ნდობას, გააღრმაოს პოლარიზაცია და შეასუსტოს სახელმწიფოს საფუძვლები.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ კიდევ უფრო გააძლიერა ის საფრთხეები და მოწყვლადობა, რომელთა წინაშეც საქართველო დგას. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩემს ქვეყანას არ იცავს არანაირი კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგა. ამ კონტექსტში ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სტაბილურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ღრმად ვართ შეშფოთებულნი მართული დეზინფორმაციის კამპანიებისა და ზოგიერთი აქტორის კოორდინირებული ქმედებებით, რომლებიც მიმართულია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების წინააღმდეგ. ეს დესტრუქციული მცდელობები მიზნად ისახავს, ზიანი მიაყენოს საზოგადოების ნდობას, გააღრმაოს პოლარიზაცია და შეასუსტოს სახელმწიფოს საფუძვლები. სამწუხაროდ, სულ უფრო ხშირად ვხედავთ მსგავსი მიზნებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების ბოროტად გამოყენების მცდელობებს, რაც ზიანს აყენებს მათ რეპუტაციას, მათდამი საზოგადოების ნდობას. მეტიც, ქვეყნის შიგნით რადიკალიზაციის წახალისება ვერ და არ შეუწყობს ხელს რეგიონულ უსაფრთხოებას. ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და ჩვენი სუვერენიტეტის შერყევისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობის საპასუხოდ, საქართველო აგრძელებს სტაბილურობის გამყარებას საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვისა და მდგრადობის გაძლიერებით. გვჯერა, რომ დემოკრატიული მმართველობის დაცვა, მდგრადობა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის წინაპირობაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ევროპაში”,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.