თენგიზ შარმანაშვილი – BBC-ის ფილმის მონაწილეებზე: ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყოველ წუთში ეძებენ, როგორ დააზიანონ ხანგრძლივ პერსპექტივაში საქართველოს ნებისმიერი დადებითი ნაბიჯი

„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყოველ წუთში ეძებენ, როგორ დააზიანონ ხანგრძლივ პერსპექტივაში საქართველოს ნებისმიერი დადებითი ნაბიჯი,“- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა BBC-ის მიერ მომზადებულ სტატიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი ქმედებები მხოლოდ მმართველ პარტიაზე არა, სახელმწიფოზე აისახება.

„ესენი არიან ჩვეულებრივი ყალბი ადამიანები, მაგრამ როგორც კი სამართალთან აქვთ საქმე და მიხვდებიან, რომ ისეთ ორგანოსთან აქვთ ურთიერთობა, სადაც ყალბი ჩვენების მიცემა მათ პასუხისმგებლობას გამოიწვევს, მერე უკვე აქედან გამოსავლის ძიებას იწყებენ. ალბათ, მათ დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ბოლო, მეხუთე რევოლუცია წარმატებული იქნებოდა და სხვა მეთოდოლოგიას ჯერჯერობით არ იყენებდნენ. შემდეგ როდესაც ესეც კრახით დაუმთავრდათ, ახლა მოიგონეს ახალი პრობლემა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყოველ წუთში ეძებენ, როგორ დააზიანონ ხანგრძლივ პერსპექტივაში საქართველოს ნებისმიერი დადებითი ნაბიჯი, როგორ გაუტეხონ სახელი ქართულ სახელმწიფოს. ეს ხომ მარტო მმართველ პარტიაზე არ აისახება?! ეს სახელმწიფოზე აისახება“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები