თბილისში ავტომუზეუმი გაიხსნა

  თბილისში ავტომუზეუმი გაიხსნა. პრეზენტაციას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს დეპუტატები, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ნარმანია დაესწრნენ. იდეის ავტორი და მუზეუმის დამფუძნებელი კერძო კოლექციონერი, ქართველი ბიზნესმენი გიორგი მამულაშვილია, რომელმაც დამთვალიერებლებს 24 რარიტეტული მანქანა წარუდგინა.
წარმოდგენილ კოლექციაში დამთვალიერებელს “ზილ-115”,-ის, “გაზ-014” -ის, “გაზ-22”-ის, “გაზ-12”-ის, “ჟიგული 01”-ის, “ჟიგული 03”-ის, ზაზ- 965-ისა და ბევრი სხვა მანქანის ნახვის შესაძლებლობა ექნება, რომლებიც მნახველს საინტერესო ისტორიებსაც შესთავაზებენ. მაგალითად, “ზილ-115”, უნიკალური ჯავშნიანი ავტომობილია, რომელსაც პოლიტბიუროს წევრები დაჰყავდა, ამის გამო მას ზედმეტი სახელი – “წევრმზიდი” შეარქვეს. ამ მოდელის მხოლოდ 106 მანქანა გამოვიდა საბჭოთა კავშირში, გიორგი მამულაშვილის ავტომუზეუმის ექსპონატი კი რიგით 102-ეა.
მუზეუმის წარმომადგენლის განცხადებით, შემოსავალი მხოლოდ მუზეუმის შენახვას მოხმარდება. ავტომუზეუმი, სამომავლოდ, ბევრი სიახლის განხორციელებას გეგმავს.
”მუზეუმის ტერიტორიაზე გაიხსნება კაფე, წარმოდგენილი იქნება რეტროტროლეიბუსი. ასევე გვექნება სერვისი, რომელიც მსურველს საკუთარი რეტრომანქანის შეკეთება-განახლებას შესთავაზებს,”-აღნიშნავენ მუზეუმში.
გიორგი მამულაშვილი მუზეუმში წარმოდგენილ მანქანებს 17 წლის განმავლობაში აგროვებდა, არემონტებდა და ახლა უკვე ეს მანქანები მუზეუმშია გამოფენილი.
აღსანიშნავია, რომ უსახელო ქუჩას, რომელზეც მუზეუმის შენობაა განთავსებული თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით და საკრებულოს თავმჯდომარის მხარდაჭერით ავტომუზეუმის ქუჩა დაერქვა, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც მუზეუმის დამფუძნებელს გიორგი ალიბეგაშვილმა საზეიმო ვითარებაში გადასცა. მუზეუმის გახსნაზე მუზეუმის საპატიო მცველების წოდება მიენიაჭათ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ალიბეგაშვილს და მერს, დავით ნარმანიას.
მუზეუმის დამფუძნებელმა, გიორგი მამულაშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„დიდ მადლობას ვუხდი თბილისის საკრებულოს ავტომუზეუმის გახსნის საკითხის მხარდაჭერისთვის, ასევე იმისთვის, რომ ქუჩას, სადაც მუზეუმია განთავსებული ავტომუზეუმის სახელი მიენიჭა“, – განაცხადა გიორგი მამულაშვილმა.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, კი აღნიშნა, რომ სასიხარულოა მსგავსი მუზეუმის გახსნა, სადაც დამთვალიერებელს საკმაოდ საინტერესო სანახაობა ელის. ამასთანავე, გიორგი ალიბეგაშვილმა მადლობა გახაუდახა საკრებულოს წევრს, შალვა ოგბაიძეს ქუჩისთვის ავტომუზეუმის სახელის მინიჭების იდეისთვის.
„ამ საქმეში საკრებულოს წვლილი არის ის, რომ ბატონი შალვას წინადადებით ამ ადგილს და ქუჩას დაერქვა ავტომუზეუმის ქუჩა. ეს არის ჩვენი მხარდაჭერა, რომელიც ამ საქმეს სჭირდება. დღეს მოგეხსენებათ არის მეორე დღე თბილისობისა და ჩვეს მოქალაქეებს გია მამულაშვილმა და შალვა უგბაიძემ ეს უმშვენიერესი დღე აჩუქეს. სასიხარულოა, რომ თბილისში ამდენი ავტომოყვარულია. ვინც ავტომობილების ისტორიით არის დაინტერესებული, ყველას ვურჩევ მობრძანდეს აქ და დაწყებული 1934 წლიდან დღევანდელ დღემდე თითქმის სრულად იხილავს იმ ავტომობილებს, რომლებიც საქართველოში შემოუყვანიათ. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საბჭოთა კავშირის დროინდელ ავტომობილებს, თუმცა მათ შორის ძველი „მერსედესი“, „ბეემვე“ და სხვა მანქანებიც არის. ასე რომ ყველას ვურჩევ მობრძანდეს და დაათვალიეროს ავტომუზეუმი“, – აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები