The Hill – აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში „MEGOBARI აქტის“ დამატების შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის თხოვნა დაბლოკა
აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში „MEGOBARI აქტის“ დამატების შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თხოვნა დაბლოკა , – ინფორმაციას გამოცემა The Hill-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა („რესპუბლიკური პარტია“) აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერს, ჯონ ტუნის („რესპუბლიკური პარტია“) პირადი თხოვნით გასულ თვეში მიმართა.
გამოცემის ცნობით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ტუნიმ „MEGOBARI აქტის“ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA) დამატების თხოვნა უკვე მეორედ დაბლოკა.
The Hill-ი წერს, რომ „MEGOBARI აქტის“ მხარდასაჭერად ჯონსონის ჩარევა მოულოდნელი იყო.
„სპიკერი ჯონსონის ლობირება მისასალმებელი იყო, თუმცა არსაიდან გაჩნდა. ვფიქრობდით, რომ კანონპროექტი მკვდარი იყო, მას შემდეგ რაც ტუნიმ იგი სექტემბერში დაბლოკა. ვცადეთ, რომ კანონპროექტი სპიკერის თხოვნით ბოლო წამს NDAA-ში შეგვეტანა, თუმცა ტუნის წინააღმდეგობა ვერ გადავლახეთ“, – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთი კონგრესმენის თანაშემწემ.
წყაროების თქმით, ჯონსონი 21 ნოემბრის შემდეგ ცდილობდა, რომ თანაშემწეები მხარდაჭერისთვის „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ დაკავშირებოდნენ, რათა „MEGOBARI აქტის“ NDAA-ში დამატება მომხდარიყო.
„ტუნიმ კატეგორიული უარი განაცხადა“, – აღნიშნა ერთ-ერთმა თანაშემწემ.
ცნობისთვის, The Hill-მა ჯერ კიდევ სექტემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ „MEGOBARI აქტის“ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში დამატება სენატორი მარკუეინ მალინის („რესპუბლიკური პარტია“) თხოვნით დაბლოკა.