ნიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირშიც არიან ადამიანები, რომელთაც შეიძლება, ხელი წაუცდეთ რამეზე ან რაიმე დანაშაული ჩაიდინონ, ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა, როცა საქართველოში ხდება მსგავსი ფაქტი, ქვეყნიერების დასასრულად წარმოგვიდგენენ ხოლმე
,,ევროკავშირშიც არიან ადამიანები, რომელთაც შეიძლება, ხელი წაუცდეთ რამეზე ან რაიმე დანაშაული ჩაიდინონ, ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა, როცა საქართველოში ხდება მსგავსი ფაქტი, ქვეყნიერების დასასრულად წარმოგვიდგენენ ხოლმე”,- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც მსგავსი ფაქტები ევროპაში ხდება, ჩვეულებრივ მოვლენად წარმოაჩენენ და პასუხს არ იძლევიან ხოლმე, გამოძიების შედეგებს ელოდებიან.
„შემაშფოთებელია, როცა ასეთი მაღალი თანამდებობის, თუნდაც, ყოფილი თანამდებობის პირი, როგორიცაა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, დაკავებულია კორუფციის ბრალდებით. რა თქმა უნდა, ეს არც ჩვენთვის არის კარგი და პოზიტიური სიახლე, რადგან გვინდა, ამ კავშირის წევრები გავხდეთ და არ გვინდა, ამ კავშირის თანამდებობის პირები კორუფციაში იყვნენ გახვეული. ეს იმას აჩვენებს, რომ ჩვენ არაფრის იდეალიზება არ უნდა მოვახდინოთ. ევროკავშირშიც არიან ადამიანები, რომელთაც შეიძლება, ხელი წაუცდეთ რამეზე ან რაიმე დანაშაული ჩაიდინონ, ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა, როცა საქართველოში ხდება მსგავსი ფაქტი, ამას ქვეყნიერების დასასრულად წარმოგვიდგენენ ხოლმე. მათთან როდესაც ხდება ასეთი ფაქტები, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და პასუხს არ იძლევიან ხოლმე, გამოძიების შედეგებს ელოდებიან. ჩვენც გამოძიების შედეგებს დაველოდოთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, ბელგიის პოლიციამ კორუფციის საქმეზე სამი პირი დააკავა, რომელთა შორის არიან პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და ევროკომისიის მაღალჩინოსანი სტეფანო სანინო. როგორც ევროკავშირის პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, საქმე ეხება ბრიუგეს ახალგაზრდა დიპლომატთა აკადემიის დაფინანსებას 2021-2022 წლებში. აკადემიის რექტორი კი ფედერიკა მოგერინია. ევროკავშირის პროკურატურის განცხადებით, დაკავებულები ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს, რადგან არ მიიჩნევა, რომ არსებობს მათი გაქცევის რისკი.