“რუსეთს თუ სურს საქართველოსთან ნორმალური, დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდეს, მაშინ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები უნდა გაიყვანოს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მტკიცედ გაცხადებული პოლიტიკა, ვიდრე საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია არ მოხდება, რუსეთი არ გაიყვანს თავის საოკუპაციო ჯარს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან, რუსეთთან არანაირი დიპლომატიური ურთიერთობები და არც პოლიტიკური დიალოგი არ იქნება.
“რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ ეს არის სააკაშვილისეული პოლიტიკის გაგრძელება, ეს არც სააკაშვილის, არც შევარდნაძის და არც არავის პოლიტიკის გაგრძელება არ არის. ქართული სახელმწიფოს ინტერესია ქვეყნის ტერიტორიების სრული დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამ პროცესს ხელს რუსეთი უშლის, რუსეთია ოკუპანტი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. შესაბამისად, რუსეთს თუ სურს საქართველოსთან ნორმალური, დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდეს, მაშინ ჯარები უნდა გაიყვანოს და ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს. ეს არის ჩვენი პასუხი, რომელიც რუსეთში კარგად იციან დიდი ხანია“, – განაცხადა სამხარაძემ.