გივი მიქანაძე: სიცრუის კამპანია იყო, თითქოს 11-წლიანი სასწავლო პროცესი ეწინააღმდეგება ბოლონიის პროცესს, საჯარო სკოლებში გავხსნით მე-12 კლასს და მოსწავლეებს მივცემთ საშუალებას, აიღონ მე-12 კლასის ატესტატი
იყო სიცრუის კამპანია, როდესაც ამბობდნენ, თითქოს 11-წლიანი სასწავლო პროცესი ეწინააღმდეგება ბოლონიის პროცესს, თითქოს ჩვენ ვუკეტავთ ახალგაზრდებს კარს, რომ წავიდნენ უცხოეთში ბაკალავრიატზე სასწავლებლად, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას საზოგადოებაში მე-12 კლასის საკითხის ირგვლივ მიმდინარე აჟიოტაჟთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს იყო ბრალდებები, რომლებიც არანაირი არგუმენტებით არ იყო გამყარებული.
„არავის უთქვამს, რომ ეს ასე იქნება, უბრალოდ, ჩვენ გვაქვს ასეთი ხედვა, თუმცა მზად ვართ, მოვისმინოთ არგუმენტები და ეს არგუმენტები ყველაფერი იყო, გარდა არგუმენტებისა. ეს იყო ბრალდებები, რომლებიც არანაირი არგუმენტებით არ იყო გამყარებული და იყო სიცრუის კამპანია, როდესაც ამბობდნენ, თითქოს 11-წლიანი სასწავლო პროცესი ეწინააღმდეგება ბოლონიის პროცესს და უამრავი რაღაც, თითქოს ჩვენ ვუკეტავთ ახალგაზრდებს კარს, რომ წავიდნენ უცხოეთში ბაკალავრიატზე სასწავლებლად და როდესაც სტატისტიკური მონაცემები ვნახეთ, ეს არის რამდენიმე ასეული ადამიანი, მაშინ როდესაც ყოველწლიურად ორმოცი, ორმოცდაერთი ათასი ახალგაზრდა ამთავრებს სკოლას. ანუ, მოცემულობა თავიდანვე იყო გარკვეულად სპეკულაციური და კონკრეტული ჯგუფები მიზნობრივად ცდილობდნენ, ეს ყველაფერი გაევრცელებინათ“, – განაცხადა მიქანაძემ.
მისივე თქმით, გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, რომ ეს იქნება 11-წლიანი სასწავლო პროცესი, თუმცა მსურველთათვის საჯარო სკოლებში გაიხსნება მე-12 კლასი.
„დღეს ჩემ მიერ დაფიქსირდა და ის დოკუმენტი, რომელიც აიტვირთა ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია, აბსოლუტურად მოიცავს იმავე შინაარსს. როგორ იქნება ეს განხორციელებული – ყოველი წლის მარტის თვეში ჩვენ გამოვაცხადებთ რეგისტრაციის შესაძლებლობას ყველა იმ მეთერთმეტეკლასელი მოსწავლისთვის, რომელსაც აქვს სურვილი, რომ მან განაგრძოს სწავლა მე-12 კლასში. სასწავლო წელი იწყება 15 სექტემბერს, ანუ, მარტში მიღებული ინფორმაციის დამუშავება მოხდება როგორც გეოგრაფიული არეალის, ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, ასევე რაოდენობრივი პრინციპის გათვალისწინებით და იმ მუნიციპალიტეტებში, ქალაქებში ან, თბილისის შემთხვევაში, ქალაქის რაიონებში, სადაც დაფიქსირდება კონკრეტული რაოდენობის მსურველები, ჩვენ საჯარო სკოლებში გავხსნით მე-12 კლასს და მათ მივცემთ საშუალებას, რომ კიდევ ერთი წელიწადი გაღრმავებული რეპეტიტორიუმის ფარგლებში მოემზადონ შემდგომი ეტაპისთვის, დაასრულონ 12-წლიანი სასწავლო პროცესი და აიღონ მე-12 კლასის დამადასტურებელი ატესტატი“, – განაცხადა მიქანაძემ.