გიორგი გაბუნია – ხიდაშელზე: ამ ადამიანებს ქვეყნის პოლიტიკაში ადგილი არასდროს ექნებათ და ამას უზრუნველყოფს ხელისუფლება
„ამ ადამიანებს ქვეყნის პოლიტიკაში ადგილი არასდროს ექნებათ და ამას უზრუნველყოფს ხელისუფლება ,“- ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ, თინა ხიდაშელის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თინა ხიდაშელი წლებია აქტიურად ეწევა ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას.
„თინა ხიდაშელი წლებია აქტიურად ეწევა ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას, რომელსაც პოლიტიკასთან არაფერი საერთო არ აქვს. ერთი მხრივ, კარგია იმიტომ, რომ მოხდეს ამ ადამიანების კიდევ ერთხელ ლუსტრაცია და საზოგადოებამ დასკვნა, შეფასება გააკეთოს თუ რა ძალასთან გვაქვს საქმე, როგორ ადამიანებთან გვაქვს საქმე. მეორე მხრივ, ამ ადამიანებს მივუჩინოთ საკუთარი ადგილი. ამ ადამიანებს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში ადგილი არასდროს ექნებათ და ამას უზრუნველყოფს ხელისუფლება“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
ცნობისთვის, თინა ხიდაშელმა სახელმწიფო დეპარტამენტს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ირანულ კომპანიებს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება.