მაჭავარიანი – BBC-ის სტატიაზე: ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი რეპუტაციის ტელემაუწყებლობა ასეთ აბსურდში არის გადასული, რათა არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის ინტერესები დააკმაყოფილოს
“ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი რეპუტაციის მქონე ტელემაუწყებლობა ასეთ აბსურდში არის გადასული, რათა არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის ინტერესები დააკმაყოფილოს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა BBC-ის სტატიაზე საუბრისას განაცხადა.
„ისევე, როგორც შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაცია შეილახა იმის გამო, რომ ჩვენზე და კონკრეტულად ბატონ ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა გაძლიერებულიყო, ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ანალოგიური ხდება უკვე მედია სივრცეშიც. ამას ასე არ დავტოვებთ, ვაპირებთ, რომ სამართლებრივი ბრძოლა გამოვუცხადოთ BBC-ის, რათა მხილებული იყოს, თუ როგორი დეზინფორმაცია გაავრცელა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.