კახა კალაძე: ევროპული ღირებულება არის არა ომი, უსამართლობა და შანტაჟი, არამედ ღირსება, სამართლიანობა, საკუთარი და სხვისი კულტურის პატივისცემა და მშვიდობისთვის ბრძოლა

„საქართველომ კარგად იცის მშვიდობის ფასი. მშვიდობა არის განვითარება, წინსვლა, ჩვენი ქვეყნების და ქალაქების კეთილდღეობა“, – ამის შესახებ ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

ევროპის ქალაქების ურბანული განვითარების შესახებ გამართულ კონფერენციაზე, კახა კალაძემ, გარდა უშუალოდ თბილისში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებისა, საქართველოს წინაშე არსებულ პოლიტიკურ გამოწვევებზეც ისაუბრა.

„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, დავსწრებოდი და მონაწილეობა მიმეღო კონფერენციაში, სადაც ქალაქები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას საერთო მომავლისთვის.

თუმცა, შეუძლებელია ვისაუბროთ ქალაქების განვითარებაზე, დავსვათ დღევანდელი კონფერენციის მთავარი კითხვა: როგორ დავიცვათ ბალანსი ცვლილებებსა და ისტორიულ იდენტობას შორის? – და არ შევეხოთ მიმდინარე გლობალურ პოლიტიკურ პროცესებს მსოფლიოში.

მე ვარ თბილისის მერი, ქალაქის, რომელიც საუკუნეებს ითვლის; იმ ქვეყნის დედაქალაქის, რომელიც წარმოადგენს უძველეს ცივილიზაციას. საქართველოს გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გზაჯვარედინზე დგომამ, ჩემს ქვეყნას უამრავი გამოწვევა მოუტანა.

უდიდესი კულტურისა და ტრადიციების მქონე ქართველი ხალხი საუკუნეებია იბრძვის გადარჩენისთვის. თან ბრძოლა, თან განვითარება – ეს ჩვენი ისტორიული მეხსიერების ნაწილია.

ქართველმა ხალხმა შეძლო გადარჩენილიყო, გაძლიერებულიყო, შეენარჩუნებინა საკუთარი ენა, სარწმუნოება, კულტურა და ტრადიციები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მანვე ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, რომელიც, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესების დაცვის, ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარებისკენ არის მიმართული.

„დღეს, მინდა გამოვიყენო ეს საერთაშორისო პლატფორმა და კიდევ ერთხელ ვთქვა – საქართველომ კარგად იცის მშვიდობის ფასი. მშვიდობა არის განვითარება, წინსვლა, ჩვენი ქვეყნების და ქალაქების კეთილდღეობა. ხოლო ჩვენი ერების იდენტობა კი არის ის სიმდიდრე, რითაც ვამრავალფეროვნებთ და ვავსებთ ერთმანეთს.

არ მეგულება ამ დარბაზში ადამიანი, რომელიც არ დაეთანხმება ამ სიტყვებს. თუმცა, ფსევდო ლიბერალური იდეოლოგია, რომელიც მსოფლიოს მოახვიეს თავზე, ქვეყნებისა და ქალაქების სწორი მიმართულებით განვითარებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

საქართველოს ხელისუფლება იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ საფრთხეებზე ხმამაღლა დაიწყო საუბარი. ჩვენ უარი ვთქვით საკუთარი ქვეყნის ინტერესების დათმობაზე, არ ჩავერთეთ ომში, რომელიც გაანადგურებდა საქართველოს, არ შევუერთდით სანქციებს, რომელიც უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანდა ქვეყანას, დავიცავით ჩვენი იდენტობა, სარწმუნოება, კულტურა და ტრადიციები. სანაცვლოდ კი მივიღეთ სახელმწიფო გადატრიალების არაერთი მცდელობა, აგენტურის ხელით გაღვივებული რადიკალიზმი ქვეყნის შიგნით, გარე მუქარები ევროინტეგრაციის პროცესის და ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების შესახებ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა უნგრეთს ბოლოდროინდელ პროცესებში საქართველოს მხარდაჭერის გამო.

„შესაბამისად, როდესაც დღევანდელ კონფერენციაზე მიწევს საუბარი თბილისის, როგორც ევროპული ქალაქის ხვალინდელ დღეზე, მინდა, პირველ რიგში ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ევროპული ღირებულება არის არა ომი, უსამართლობა და პოლიტიკური შანტაჟი, არამედ ღირსება, სამართლიანობა, კანონის უზენაესობა, საკუთარი და სხვისი კულტურის პატივისცემა, მშვიდობისთვის ბრძოლა და განვითარებისკენ სწრაფვა.

სწორედ ასეთ გარემოში უნდა შევქმნათ ჩვენი ქალაქების განვითარების სტრატეგია და ვიზრუნოთ საერთო მომავალზე.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო უნგრეთს საქართველოს მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით ბოლოდროინდელ პროცესებში. მადლობა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ვიქტორ ორბანს სიმართლისთვის, რომელზეც მუდმივად საუბრობს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

საერთაშორისო კონფერენციას უნგრეთში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ ლალიაშვილი, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრები დაესწრნენ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ვენისა და ბრატისლავას მერიის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები