კახა კალაძე: ჩვენ რომ მშვიდობა შევინარჩუნეთ, ამით ხომ ქართველმა ხალხმა ისარგებლა, ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წინ მიდის
„დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გაიაზრებს, რა გავაკეთეთ ქვეყნისთვის და რა ავარიდეთ მას“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა, სადაც ის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა.
კახა კალაძის თქმით, ქვეყანამ თავიდან ომი რომ აირიდა, ამით, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესები გატარდა.
„ვფიქრობ ქართველი ხალხი ყველაზე კარგად ხედავს, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა და რა ავიცილეთ თავიდან ყველამ ერთად. რა თქმა უნდა, ეს მოხდა ხელისუფლების პრინციპული პოზიციით, იმ პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან დიდი შემოტევები, მუქარები, რომელიც დღესაც გრძელდება, ჩვენ ჩვენი ძალიან მტკიცე პოზიციით დავიცავით ჩვენი ქვეყნის ინტერესები და მომავალი. ის, რომ ჩვენ მშვიდობა შევინარჩუნეთ, ამით ხომ ქართველმა ხალხმა ისარგებლა, ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წინ მიდის.
რაც შეეხება უკრაინას, ის არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც ძალიან დიდი ხანია ეს ურთიერთობა გვაკავშირებს. რა თქმა უნდა, მე გული მწყდება და მტკივა, რომ უკრაინელ ხალხს ამ მდგომარეობაში ვხედავ. ყველაზე მძიმეა ის, თუ როგორ მთავრდება ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გააკეთებს სწორ შეფასებას და გაიაზრებს, რა გავაკეთეთ ჩვენ ყველამ ერთად ქვეყნისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.