“ელისაშვილი არაერთხელ ეცადა თავის გამოჩენას, პარლამენტში მუშტი-კრივი გამართა, პოლიციას დაუპირისპირდა, უარი თქვა პრინციპებზე, გაინულა ავტორიტეტი, შემდეგ გადაწყვიტა, ექსტრემისტული მოძრაობის წინა პლანზე გავიდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ჩვენ შეიძლება შევაფასოთ გარემოება – უნდა ველოდოთ რეალურ გადაწყვეტილებას. არსებობს ბრალდება, დაცვის მხარე, მაგრამ გარემოებებს თუ გადავხედავთ, ადვილად დავასკვნით, რომ ექსტრემიზმის გარკვეული სახეობები არსებობს, რომელშიც ალეკო ელისაშვილი არაერთხელ ეცადა თავის გამოჩენას. პარლამენტში მუშტი-კრივი გამართა, პოლიციას დაუპირისპირდა, უკრაინაში წავიდა და ფოტოებისთვის სნაიპერის იარაღით პოზირებდა, აქ ჩამოვიდა და უარი თქვა პრინციპებზე, გაინულა ავტორიტეტი, ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდა, პატიების შემდეგ იმ პარტიაში შევიდა, მერე საარჩევნო სიაში ბოლოში გადაწიეს. ვერაფრით გამოიჩინა თავი, მაგრამ ისეთი გარემოა შექმნილი, სადაც ექსტრემიზმი ფასდება და ალეკო ელისაშვილმა გადაწყვიტა, ამ მიმართულებით ჩაუდგეს სათავეში, ექსტრემისტული მოძრაობის წინა პლანზე გავიდეს. სხვა ახსნა არ აქვს. რასაკვირველია, ამას ყოველთვის გამოიყენებს დაინტერესებული მხარე, ფულსაც გადაიხდის. სერიოზული მუშაობა ტარდება, ახალგაზრდებს პირდაპირ ასწავლიდნენ გარკვეულ დაფინანსებულ შეხვედრებზე, რომ ტერორიზმი ყოველთვის ცუდი არ არის, მაგალითად, მაშინ, თუ რაღაც მაღალ დემოკრატიულ პრინციპებს იცავ. მთლიანად არაჯანსაღი გარემოა შექმნილი, როდესაც საქართველოზე შეტევას გეგმავენ. ამ გარემოში ალეკო ელისაშვილმა გადაწყვიტა, ყველაზე მეტად თავი გამოიჩინოს ექსტრემალურ სიტუაციაში, რასაც რეალურად, ტერორიზმი ჰქვია კანონში ჩამოთვლილი სხვადასხვა ნიშნებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ვოლსკიმ.