ზურაბ ქადაგიძე: დღეს უკვე დაწყებული ვაშინგტონის პოლიტიკური ისტებლიშმენტით და დამთავრებული ბრიუსელით ყველა საუბრობს „ხალხის ძალის” ლექსიკით

ევროკავშირის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებაზე და გარე ჩარევების გამო ახალი ზომების მიღებაზე პარტია „ხალხის ძალის” წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, „ხალხის ძალამ” ძალიან ბევრ ბიუროკრატს, პოლიტიკოსს და საერთაშორისო აქტორს დაასწრო იმ საფრთხეებზე და პრობლემებზე საუბარი, რაც ადრე თუ გვიან გაჩნდებოდა საზოგადოებებში.

დეპუტატის განცხადებით, დაწყებული ვაშინგტონის პოლიტიკური ისტებლიშმენტით და დამთავრებული ბრიუსელის პოლიტისტებლიშმენტით დღეს ყველა საუბრობს „ხალხის ძალის” ლექსიკით.

„დრომ და ვითარებამ აჩვენა, რომ თავის დროზე „ხალხის ძალის” მიერ დაინიცირებული კანონი გამჭვირვალობის შესახებ იყო აუცილებელი და კარგია, რომ დღეს „ფარას” უფრო მკაცრი ვერსია მოქმედებს საქართველოში. დიახ, „ხალხის ძალამ” დაასწრო ძალიან ბევრ ბიუროკრატს, პოლიტიკოსს თუ საერთაშორისო აქტორს იმ საფრთხეებზე და პრობლემებზე საუბარი, რაც ადრე თუ გვიან გაჩნდებოდა საზოგადოებებში. ამ კანონის დაინიცირებით, ჩვენ გამოვდიოდით საქართველოს ინტერესებიდან, დღეს კი დაწყებული ვაშინგტონის პოლიტიკური ისტებლიშმენტით და დამთავრებული ბრიუსელის ისტებლიშმენტით ყველა საუბრობს „ხალხის ძალის” ლექსიკით. დიახ, ჩვენი გამოვედით საქართველოს რეალური ინტერესებიდან, სხვა ყველა კი იყო ამ კანონის წინააღმდეგი. თურმე ჩვენ არ გვაქვს უფლება გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების, არ გვაქვს უფლება ვიცოდეთ რა ფინანსები იხარჯება ჩვენს ქვეყანაში სხვა ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან. ჩვენ მაშინაც და ახლაც გულწრფელები ვიყავით. ეს გულწრფელობა გამყარდა იმით, რომ უმრავლესობის ფორმატში დაინიცირდა ახალი კანონი და მივიღეთ „ფარას” ანალოგი ქართული კანონი. ახლა ვუყურებთ ევროპელ ბიუროკრატებს, კუბილიუსის მაგვარ პერსონებს და ვხედავთ მათ თვალთმაქცობას. რეალურად ეს ადამიანები საუბრობენ ისეთ საფრთხეებზე, რომელიც ახლა დადგა მათთვის. ერთი წლის წინ კი აბსოლუტურად საპირისპიროს საუბრობდნენ იმიტომ, რომ რეალურად ისინი იყვნენ გლობალურ პოლიტკონუქტურას დაქვემდებარებულები. მაშინ არ ჰქონდათ უფლება ამაზე ესაუბრათ. გვიკიჟინებდნენ, რომ თურმე ეს იყო დემოკრატიის პროცესში უკან გადადგმული ნაბიჯი და ახლა ისინი თავად დგანან ისეთი საშიშროების წინაშე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით სამი წლის წინ. დიახ, ისინი ნამდვილად დგანან ამ საშიშროების წინაშე და თუ ასე გააგრძელა ევროპამ ევროკავშირი ასეთი ფორმაციით, ვერ შეძლებს განვითარებას. ის ეკონომიკურ სტაგნაციაშია, პოლიტიკურ სტაგნაციაზე საუბარი არ არის და ჩვენ ვხედავთ ევროპელ ლიდერებს, რომელსაც საკუთარი საზოგადოებების მხრიდან მინიმალური მხარდაჭერა აქვთ. წარმოიდგინეთ რა კრიზისში არიან. ეს ყველაფერი კი გამოიწვია იმან, რომ ეს ადამიანები დაქვემდებარებულები არიან გლობალურ პოლიტკონიუქტურას, იმ მომენტისთვის „გლობალური ომის პარტიას”, რომელიც დღეს მიხვდა, რომ აუცილებელია ტაქტიკის და მეთოდების შეცვლა. გადარჩენის გზას კი კანონების გამკაცრებაში ხედავს. ერთის მხრივ სასაცილოა იმიტომ, რომ ოთხი წლის დაგვიანებით საუბრობენ იმას, რაზეც ქართველი პოლიტიკოსები ვსაუბრობდით და მეორე მხრივ სავალალოა. მივიდნენ იმ მდგომარეობამდე, რომ ახლა საკითხავია უშველის თუ არა გამჭვირვალობის კანონი ევროკავშირს, სამწუხარო რეალობა ეს არის,” – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები