რატომ გადაიჭრა თბილისის ბავშვთა სახლის მოზარდმა ვენები – შემთხვევის დეტალები
15 წლის მოზარდი, რომელმაც ბავშვთა სახლში თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის სახელობის რესპუბლიკური საავადმყოფოდან ბავშვთა ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს, – ამის შესახებ „კვირას“ ბავშვთა ფსიქიატრიული დეპარტამენტის ექიმ-ფსიაქიატრმა მაია კერესელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ლ. კ-ძე ბავშვთა ფსიქიატრიულში ადრეც მკურნალობდა.
„კვირას“ ინფორმაციით, 15 წლის გოგონამ თვითმკვლელობა ბავშვთა სახლ „ბეღურებში“ სცადა. შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 22.00 საათზე მოხდა.
როგორც „კვირას“ ბავშვთა სახლის „ბეღურების“ დირექტორმა ნანა იაშვილმა განუცხადა, თვითმკვლელობის მცდელობისას გოგონა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მისი თქმით, მოზარდმა თვითმკვლელობა ადრეც ოთხჯერ სცადა.
„საღამოს 10 საათი იქნებოდა. გოგონა ნასვამი მოსულა. ოთახში ხმაური ატეხილა. გოგონას სამართებელი აუღია და ვენებს იჭრიდა თურმე. ხმაურზე აღმზრდელები მივიდნენ. იქვე თანატოლ ბიჭს სამართებლის წართმევა უნდოდა, ამ ჭიდაობაში გოგომ ბიჭს კინაღამ საძილე არტერია გადაუჭრა. აღმზრდელებმა გოგოს ხელიდან ძლივს გამოართვეს სამართებელი. ძლივს გამოვტაცეთ ხელიდან ბიჭი. ბიჭი გადარჩა, არაფერი დაუშავა, მაგრამ გოგონამ ვენები გადაიჭრა. სისხლის გუბეები იდგა. ისეთი ნასვამი იყო, ანგრევდა ყველაფერს. სასწრაფო – სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ბრიგადები გამოვიძახე. ძლივს გადაიყვანეს იაშვილის სახელობის საავადმყოფოში, გზაში სასწრაფოს ექიმები დაკბინა. ექიმებს საშუალებას არ აძლევდა, სამედიცინო დახმარება გაეწიათ. ისეთი მთვრალი იყო, ქცევას ვერ აკონტროლებდა და ძალიან ძლიერია“, – აღნიშნა იაშვილმა.
მისი თქმით, არასრულწლოვანი ორგანიზაციაში სოცმუშაკმა ერთი კვირის წინ მიიყვანა. გოგონა დღისით მათხოვრობდა და საღამოს საბავშვო სახლში მიდიოდა.
„ ჩვენს ორგანიზაციაში, ერთი კვირის წინ სოცმუშაკმა მოიყვანა გოგონა. თავიდან კარგად იქცეოდა. დედის ვინაობა ჩემთვის უცნობია. მითხრა, რომ დედაც ალკოჰოლის ხშირი მომხმარებელი ჰყოლია. თვითმკვლელობის მცდელობამდე ორი დღით ადრე, საბავშვო სახლში ბავშვებთან სიტუაცია დაძაბულა, აღმზრდელებმა მითხრეს, რომ გოგონა მაშინაც ნასვამი ყოფილა. მაშინ სიტუაცია განვმუხტეთ და ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ გუშინ ისეთი გადამთვრალი იყო, რომ სიტუაციის განმუხტვა ჩვენს ძალებს აღემატებოდა, სწორედ ამიტომ გამოვიძახეთ პატრულის თანამშრომლები“, – აღნიშნა ნანა იაშვილმა.
მისი თქმით, 15 წლის მოზარდი ბავშვთა ფსიქიატრიულ განყოფილებაში მკურნალობდა. თუმცა, როგორც იაშვილი აცხადებს, ბავშვთა ფსიქიატრიულში მოზარდმა მხოლოდ 21 დღე გაატარა.
ბავშვთა სახლ „ბეღურაში“ მომხდარი ფაქტის გამო გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს – ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
იზა შაქარაშვილი