რა წილი ვერ გაიყვეს კეზერაშვილმა, ოქრუაშვილმა და ჟვანიამ?

    ყოფილი პოლიტპატიმარი ილია დალაქიშვილი საკუთარი ბიზნესით დაინტერესების გამო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შორის დაპირისპირების შესახებ საუბრობს. სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. დალაქიშვილი 1996 წლიდან ნავთობის ბიზნესში იყო ჩართული და 2001-2003 წლებში დიზელისა და ბენზინის იმპორტის 2/3-ს ფლობდა. შემდეგ „ნუკოილის“ ბრენდთან გაერთიანდა და პარტნიორებთან ერთად 28 ბენზინგასამართ სადგურს ფლობდა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იძულებული გახდა, წილი მათთვის დაეთმო.
„ლეგიონის ხელმძღვანელმა, გელოვანმა მითხრა, ნოღაიდელმა შავი სია გადმომცა და შენი ყველა ბიზნესი ამ სიაში მოხვდაო. 16 დეკემბერს შევხვდი ზურაბ ჟვანიას, ჟვანიამ გამიშვა ნოღაიდელთან, ნოღაიდელმა – ოქრუაშვილთან. პირობა დამიყენეს, რომ გამეგრძელებინა ბიზნესი, მაგრამ ჩემთვის მიუღებელი იყო მათი პირობები. შევატყვე, რომ ჟვანიას ხალხი თავისკენ მექაჩებოდა, აქეთ ოქრუაშვილი მიბარებს, იქით მექაჩება, იქით კიდევ კეზერაშვილმა დამიწყო მოლაპარაკება,“ – იხსენებს ილია დალაქიშვილი.
დალაქიშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთმანეთში ჰქონდა გაურკვევლობა. მისივე თქმით, ჟვანიას გუნდმა ბიზნესის 30% მოსთხოვა, მერე 50%-ზე ასწია, ბოლოს უთხრეს, რომ 50 ათასი სჭირდებოდათ იმ დღესვე. გარდა ამისა, მის ნათესავებზე სისხლის სამართლის დევნა დაიწყეს. ზეწოლის გამო ბიზნესმენი იძულებული გახდა, ბიზნესი საქართველოში შეეჩერებინა და მოსკოვში გადაეტანა.
„ოქრუაშვილთან მოვითხოვე შეხვედრა. შემხვდა მისი მარჯვენა ხელი, გიორგი ლაცაბიძე. მითხრა, შენზე დიდი ზეწოლაა, კეთილი ნება უნდა გამოიჩინო, რაღაც უნდა გაუკეთო ხელისუფლებას, რომ არ დაგვაინტერესოს შენმა საქმემო. დაკონკრეტება რომ მოვითხოვე, მითხრა, მილიონნახევარი გვინდა. ამ რაოდენობის ნაწილს ქონების სახით წავიღებთ, დანარჩენი თანხადო. თვითონ დამიდეს ხელი, „პირიმზის“ მე-5 და მე-6 სართული რომ გაქვს, გადმოგვეცი და პლუს 300 ათასი ფულის სახით შემოიტანეო. დავთანხმდი, მინდოდა, რომ დროზე გავცლოდი აქაურობას და დამევიწყებინა, როგორც ცუდი სიზმარი. მართლაც, გაუშვეს ჩემები. დამიბარა კეზერაშვილმა, რა უნდა ჟვანიას ხალხს შენგანო? მეუბნებიან, საქმე არ შეწყვიტოო. არადა, მე ხომ ვიცი, რომ შენ ყველაფერი გააკეთეო. წადი, მიშას მოუყევი ყველაფერი, ვანოსთან და ზურასთან ერთად გველოდება, უთხარი, რა შეთანხმებები გქონდა ჟვანიასთანო. სამაგიეროდ, თანამდებობას მპირდებოდნენ უშიშროებაში, მაშინ მერაბიშვილი იყო მინისტრი. საკუთარი ბიზნესის „კრიშა“ თვითონ იქნებიო. 3 დღე ვითხოვე. სახლში მივედი, ჩანთა ავიღე და დავტოვე საქართველო“, – ამბობს პოლიტპატიმარი.
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ბიზნესმენი რუსეთიდან იმ იმედით დაბრუნდა, რომ „ნაცმოძრაობას“ შორის ომი დამთავრებული იყო. ჩამოსვლისას ის შეხვდა კეზერაშვილს. ამ დროს რუსეთიდან საქართველოში ტრანზიტი არ ხორციელდებოდა. კეზერაშვილმა ბიზნესმენს უთხრა, რომ დახმარებოდა რუსეთიდან წამოღებული ნავთობის აზერბაიჯანის გავლით საქართველოში მოსახვედრად, ბათუმში კი მისი ხალხისთვის უნდა გადაეცა. ეს ბიზნესი 2005 წელს დაიწყეს და წლის ბოლოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობი წაართვა.
„სამი დღე ატრიალებდნენ „რუსთავი 2-ზე“, რომ მოხდა ტრანსნაციონალური დანაშაული – რუსულმა კომპანიამ ამერიკულ კომპანიას ნავთობის ნაცვლად შეაპარა წყალი. კეზერაშვილს თავის დროზე შევუთანხმდი, რომ გამგზავნიც და მიმღებიც ჩემი კომპანია იქნებოდა. გემზე მე ჩავუტვირთავ თქვენებს-მეთქი. მათ კუთვნილ კომპანიებს გაჰქონდათ ევროპაში. თანახმა იყო. ასე, რომ ორივე კომპანია ჩემი იყო და მათ ძალიან კარგად იცოდნენ. ჩამოვიყვანე ის კომპანია, რომელმაც ვაგონი დამიტვირთა. ორ დღეში ჩამოვიდნენ და ექსპერტიზა მომთხოვეს. ჩეჩნები იყვნენ. ამ მოთხოვნის შემდეგ მათ გზაზე პატრული აჩერებს, იარაღი დაადეს, წაიყვანეს ანტიტერორისტულ ცენტრში გაბუნიასთან. იქ დახვდა მერაბიშვილი და ჰკითხა ჩამოსვლის მიზეზი. ამათ აუხსნეს, პარტნიორი გვინდა, დავუმტკიცოთ, რომ უხარისოხო პროდუქტი არ მიგვიციაო. მერაბიშვილმა უპასუხა: „ჩვენ თქვენს გარეშეც გავარკვევთო“. მანქანა წაართვეს, „მეშოკი“ ჩამოაცვეს თავზე და ჩამოაგდეს ლარსის ხეობაში. ასე გატყავებულები ჩამომივიდნენ მოსკოვში“, – იხსენებს ილია დალაქიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები