ნიკოლოზ სამხარაძე – „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მიუღებელია, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია მავნებლური გზებით სახელს უტეხს საპარლამენტო ასამბლეას
„მიუღებელია, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია, რომელიც არც არის ამ საპარლამენტო ასამბლეის წევრი ასეთი მავნებლური გზებით სახელს უტეხს საპარლამენტო ასამბლეას,”- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ნაცმოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.
„ეს ამბავი უკვე გახმაურდა [ეუთო-ს] საპარლამენტო ასამბლეაზეც, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, თითქოს რეზოლუცია მიიღეს. ამან დიდი აღშფოთება გამოიწვია წევრებში, რადგან მიუღებელია, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია, რომელიც არც არის ამ საპარლამენტო ასამბლეის წევრი ასეთი მავნებლური გზებით ახდენს საზოგადოების დეზინფორმირებას და სახელს უტეხს საპარლამენტო ასამბლეას. დიდი მადლობა მათ იმისთვის, რომ საკითხს ნათელი მოჰფინეს. მადლობა ასევე მზაობისთვის, რომ საქართველოსთან ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში“, – აღნიშნა სამხარაძემ.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, თინა ბოკუჩავა და გიგი წერეთელი ამტკიცებდნენ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მიმართ კრიტიკული შინაარსის არის.
„ქრონიკის“ კითხვის პასუხად, ეუთოს სპიკერი ადასტურებს, რომ თინა ბოკუჩავამ მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ ეუთომ საქართველოს წინააღმდეგ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო: გავრცელებული ცნობა, რომ ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, სიცრუეა.