უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევზე რუსული დრონებისა და სარაკეტო დარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა,- ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
ზელენსკიმ დაგმო დარტყმები და განმარტა, რომ რუსებმა დაახლოებით 430 დრონი და 18 რაკეტა გაუშვეს, რის შედეგადაც ათობით მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა.
ამასთან, მედიის ცნობით, კიევის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზარალდა, რის გამოც დედაქალაქში ზოგიერთი შენობა გათბობის გარეშე დარჩა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დაბომბვის სამიზნე ქვეყნის მასშტაბით კიდევ რამდენიმე რეგიონი გახდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ნანგრევებმა და ხანძრებმა საერთო ჯამში, რამდენიმე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, საავადმყოფო, სკოლა და ადმინისტრაციული შენობები დააზიანა. მათივე ცნობით, 40-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.
რუსეთი აცხადებს, რომ ენერგეტიკულ ობიექტებზე მისი თავდასხმები, რაც ომის ნაწილია, უკრაინის სამხედროების წინააღმდეგაა მიმართული.