“შვიდი წელი ციხეში შესაძლოა მედგარი კაცისთვის ცოტაა, მაგრამ ბაჩო ახალაიასთვის არც თუ ისე ცოტაა“

შვიდი წელი ციხეში შესაძლოა მედგარი კაცისთვის ცოტაა, მაგრამ ბაჩო ახალაიასთვის არც თუ ისე ცოტაა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიასთვის ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე გამოტანილი განაჩენის კომენტირებისას განაცხადა. როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, ყოფილი ხელისუფლება “ნავთლუღის სპეცოპერაციას“ ისევე, როგორც სხვა გახმაურებულ საქმეებს განზრახ არ იძიებდა, ახალი ხელისუფლების პირობებში კი, წულუკიანის თქმით,  “ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე გამოძიება “მკვდარი წერტილიდან“ დაიწყო.
„ამ საქმეზე წინა ხელისუფლება თვალს ხუჭავდა. მთავარი პრობლემა მაშინ იყო ის, რომ ერთის მხრივ, სახელმწიფო ძალადობდა ადამიანზე და მის სიცოცხლეზე და შემდეგ უარს ამბობდა სახელმწიფო ამ საქმეების გამოძიებაზე. რეაგირება მოხდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, საქმე დაიძრა მკვდარი წერტილიდან და გამოძიების შედეგად დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.  სასჯელის გადაწყვეტილება არც პროკურატურის საქმე ყოფილა, არც მთავრობის და არც რომელიმე მინისტრის.
მე როგორც ერთ მოქალაქეს მგონია, რომ შეიძლებოდა სასჯელი მეტი ყოფილიყო, მაგრამ როგორც იუსტიციის მინისტრისთვის ჩემთვის მთავარია რეაგირება, – ის, რომ გამოძიება ჩატარდა და ის, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
რაც შეეხება სასჯელის ზომას, შვიდი წელი ციხეში შესაძლოა მედგარი კაცისთვის ცოტაა, მაგრამ ბაჩო ახალაიასთვის არც თუ ისე ცოტაა“, – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ,რომ ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაია 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს, გამართლდა. 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 144-ე მუხლის (წამება) საფუძველზე კი თავისუფლების 7 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიესაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები