იაპონიის პრემიერი: ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, რომელიც რუსეთთან დიალოგისკენაა მიმართული

მე და საქართველოს პრეზიდენტი შევთანხმდით, რომ მომავალში ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება – ეს განცხადება იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ერთად მედიასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
როგორც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო იაპონიის მეგობარი ქვეყანაა, რომელიც ისეთ საერთო ფასეულობებს იზიარებს, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატიული პრინციპები და კანონის უზენაესობა.
“შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა შემოგვთავაზა, შეგვეცვალა საქართველოს სახელწოდება, რომლითაც ქვეყანას მოვიხსენიებდით იაპონიაში. ჩვენმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეისწავლოს ეს საკითხი და „გრუზია“-ს ნაცვლად, საქართველო მოვიხსენიოთ „ჯორჯია“-ად.
რაც შეეხება ეკონომიკური ურთიერთობის საკითხებს, ჩვენ ვაფასებთ საქართველოში შექმნილ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს, რომელიც თანამშრომლობის მხრივ ავითარებს მარკეტინგულ მიმართულებას და კარგ შესაძლებლობას ქმნის ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების გაფართოებისთვის. შემდეგი, რაც შეეხება ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს, მე მას გავაცანი ჩვენი გადაწყვეტილება, დახმარების თაობაზე, რომლის მიზანი საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარებაა. პრეზიდენტს მოვახსენე მშვიდობის დარგში მონაწილეობის პროაქტიული პოლიტიკის შესახებ და აღვნიშნე, რომ დიდად ვაფასებთ საქართველოს წვლილს, რომელიც მას შეაქვს საერთაშორისო დონეზე.
ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ორივე ქვეყანამ მხარი უნდა დაუჭიროს ამ მიდგომებს და უფრო აქტიური როლი შეასრულოს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში.
ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ იაპონიის პოზიცია და დავადასტურეთ, რომ მხარს ვუჭერთ საკითხების მშვიდობიან მოგვარებას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის პრინციპზე დაყრდნობით. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რუსეთთან დიალოგისკენ. რაც შეეხება გლობალურ საკითხებს, როგორიცაა ვითარება რეგიონში და გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირება, ამ მხრივ, ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გავუზიარეთ“, – განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები