“მადლიერი ვართ იაპონიის მთავრობის იმისთვის, რომ მხარს გვიჭერს ყველაზე პრობლემურ საკითხში“

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იაპონიაში ვიზიტი შეაფასა. გიორგი მარგველაშვილმა იაპონიის მთავრობას მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. რაც შეეხება უშუალოდ იმ მემორანდუმს, რომელიც საქართველოსა და იაპონიას შორის გაფორმდა, პრეზიდენტის შეფასებით, აღნიშნული დოკუმენტი წინ წევს ქართულ-იაპონურ ურთიერთობებს. “მადლობას ვუხდით იაპონიის მთავრობასა და იაპონელ ხალხს ასეთი გულითადი მიღებისთვის. იაპონური კულტურის პატივისცემა, კიდევ უფრო გამიღრმავა ამ ვიზიტმა. მოხარული ვართ, რომ დღეს ვსტუმრობით იმპერატორს და მის მეუღლეს და მადლობას ვუხდი მათ გულთბილი მიღებისთვის. გვქონდა უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრები იაპონიის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან; ასევე მადლობას ვუხდით ჩვენს იაპონელ მეგობრებს იმ ნაბიჯების დაფასებისთვის, რომლებიც გადავდგით რეგიონში დემოკრატიის განვითარებისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის. მადლობას ვუხდით იაპონიის მთავრობას იმისათვის, რომ განაგრძობს ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და საერთაშორისო დღის წესრიგის მხარდაჭერას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისა და დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების აუცილებლობის ჩათვლით. ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ იაპონიის შემდგომ ნაბიჯებს აიღოს უფრო მეტი პასუხისმგებლობა საერთაშორისო თვალსაზრისით, რადგან იაპონია მსოფლიოს ერთ-ერთი ძლიერი დემოკრატიაა, დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა კი უფრო მტკიცედ უნდა აიმაღლონ ხმა, მათ შორის გაეროს ფორმატში. მადლიერი ვართ იაპონიის მთავრობის იმისთვის, რომ მხარს გვიჭერს ყველაზე პრობლემურ საკითხში – ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით, რომელთა მიმართებაშიც ანექსიის მცდელობას ვხედავთ. ასევე მადლობას ვუხდით იაპონურ მხარეს იმისთვის, რომ გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა საქართველოს სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით, ვაფასებთ იმას, რომ ასეთი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად იაპონურმა მხარემ გამონახა დრო ემსჯელა ამ საკითხის თაობაზე. მადლობას ვუხდით იაპონიის მთავრობას, ჩვენი ქვეყნის განვითარების პროექტების მხარდაჭერის გაგრძელებისათვის. მოხარული ვართ, რომ ახლახან, თქვენი თანდასწრებით ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომელიც მჯერა, რომ არის ახალი ნაბიჯი საქართველო-იაპონიის ურთიერთობაში და მშვიდობას, კეთილდღეობას და უკეთეს გარემოს მოუტანს რეგიონსა და, ზოგადად, მთელ მსოფლიოს“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები