„თავდაცვის მინისტრის მიერ დღეს გაკეთებული კომენტარი არასერიოზულია“
უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილის განცხადებით, საბჭოს სხდომის თარიღსა და დროსთან დაკავშირებით ინფორმაცია საბჭოს მუდმივ წევრებს და მოწვეულ პირებს მაშინვე მიეწოდათ, როგორც კი პრეზიდენტმა ის მოიწვია.
იმერლიშვილის შეფასებით, თავდაცვის მინისტრის მიერ დღეს გაკეთებული კომენტარი არასერიოზულია.
“თავდაცვის მინისტრის მიერ დღეს გაკეთებული კომენტარი, რა თქმა უნდა, არასერიოზულია… წერილების გაგზავნა არსად არის რეგლამენტირებული. ეს არ არის აუცილებელი – გაიგზავნება თუ არა წერილი, ამით არ ინიშნება ეროვნული უშიშროების საბჭო, არამედ საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. როგორც კი პრეზიდენტმა დანიშნა, ეს გავიდა პირდაპირ ეთერში. აქამდე ამაზე არ ყოფილა საუბარი და პრეზიდენტმა შეგნებულად არ გაუსვა ამას ხაზი, მაგრამ რადგან უკვე გაცხადდა, ვიტყვი, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტმა შეძლო ბრიუსელში დიდი ხნით ადრე დაგეგმილი ვიზიტი გადაედო, დარწმუნებული ვარ, მინისტრებისთვისაც აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე მნიშვნელოვანი თემა დღეს არ არსებობს – ეს არის ტერიტორიული მთლიანობისა და ანექსიის მცდელობის საკითხი, ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ვფიქრობ, დღის წესრიგში არ დგას. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ კონსტიტუციური ორგანო ამ საკითხზე შეძლებს და შეიკრიბება დაანონსებულ დროს”, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.
უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, საბჭოს სხდომა, მას რამდენი წევრიც არ უნდა დაესწროს, ნებისმიერ შემთხვევაში გაიმართება.