თეა წულუკიანი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს შეხვდა. სამინისტროს ცნობით, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ გაგრძელდება ორმხრივი თანამშრომლობა საქართველო-ევროკავშირს შორის.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, ქართული მხარე გააძლიერებს პარტნიორობას და ინფორმაციის გაცვლის პროცესს ევროკავშირთან.
“შევთანხმდით, რომ იუსტიციის სამინისტრო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში გააგრძელებს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორობას რეფორმების და ინფორმაციის გაცვლის პროცესში. მათ უფრო დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით იმ პროგრესის შესახებ, რაც სახელმწიფომ ბოლო წლებში განიცადა. ასევე, მივიღებთ მათგან რჩევებს ასოცირების დღის წესრიგის შესრულებაში”, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმაც.
“ეს ჩემი პირველი ვიზიტია ქალბატონ წულუკიანთან. ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება სერიოზული შეხვედრების შესაძლებლობების დასაწყისი. ის სფერო, რომელსაც ქალბატონი მინისტრი კურირებს, თავისთავად, მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ის ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის თვალსაზრისით. ველოდები შეხვედრებს იუსტიციის მინისტრსა და ევროკავშირის დელეგაციას შორის”, – განაცხდა ჰერმანმა.
იანოშ ჰერმანმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის პოსტზე ფილიპ დიმიტროვი შეცვალა.