გარემოსა დაცვის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და ჩეხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიცკიმ მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება პროექტი „შესაძლებლობების განვითარება დიდი ავარიების პრევენციისათვის საქართველოში“.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი 2014-2016 წლებში დიდი ავარიების პრევენციის სფეროში საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადებასა და უწყებებისათვის ინსტიტუციური შესაძლებლობის გაძლიერებას მოიცავს, რაც შექმნის წინაპირობებს ევროკავშირის შესაბამისი დირექტივებისა და საერთაშორისო კონვენციების განხორციელებისათვის.
პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია გარემოსდაცვითი უსაფრთხოების მონიტორინგისა და კონტროლისათვის შესაბამისი აღჭურვილობის გადმოცემა; სპეციალური სასწავლო პროგრამის შედგენა მაღალი რისკის მქონე სამრეწველო ობიექტების ინსპექტირებისათვის. პროექტის ბიუჯეტი 9.500.000 CZK ჩეხურ კრონას შეადგენს.