მრავალშვილიან ოჯახებს ზამთარში გადაუხდელობის გამო გაზმომარაგება არ შეუწყდებათ
შპს “ყაზტრანსგაზ – თბილისი”, ენერგეტიკის სამინისტროსთან და თბილისის მერიასთან ერთად, რამდენიმე პროექტს განახორციელებს.
კომპანიის ცნობით, დღეიდან თბილისში ბუნებრივი გაზის აღრიცხვიანობის სისტემის უსასყიდლოდ მოწესრიგების პროექტი ამოქმედდება. აღნიშნული თბილისში მცხოვრებ ყველა იმ სოციალურად დაუცველ ოჯახს შეეხება, რომლებსაც ეს სტატუსი კანონმდებლობის შესაბამისად მიენიჭათ და რომლებიც შპს ” ყაზტრანსგაზ-თბილისის” აბონენტები არიან.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიკუთვნებული ოჯახი მიიჩნევს, რომ მათი ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძი გამართულად არ მუშაობს, შეუძლია წერილობით მიმართოს კომპანიას. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” თანამშრომლები ადგილზე შეამოწმებენ აღრიცხვიანობის სისტემას და უსასყიდლოდ აღმოფხვრიან ნებისმიერ ხარვეზს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველთა კატეგორიას ამჟამად თბილისში სულ 25 911 ოჯახი მიეკუთვნება.
კომპანიის კიდევ ერთი ინიციატივის შესაბამისად, შპს ” ყაზტრანსგაზ-თბილისი”, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით განაახლებს პროგრამას “უსაფრთხო ზამთარი”, რომლის ფარგლებშიც, ყველა დაინტერესებულ აბონენტს კომპანია უსასყიდლოდ შეუმოწმებს გაზის დანადგარებს. აბონენტებს, რომელთაც ეჭვი ეპარებათ მათ ბინებში დამონტაჟებული გაზის გამათბობლების, ან გაზზე მომუშავე წყლის გამაცხელებლების გამართულობაში, შეუძლიათ დარეკონ კომპანიის ბიზნესცენტრებში და კვალიფიციური სპეციალისტები უსასყიდლოდ შეუმოწმებენ გაზის დანადგარებს.
ამასთან, ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ახორციელებს სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების უფასო გაზიფიცირების პროექტს. პროექტის ფარგლებში უკვე გაზიფიცირებულია 68 ამხანაგობა ( დაახლოებით 3500 ოჯახი), ამჟამად მიმდინარეობს 4 ამხანაგობის გაზიფიცირება (დაახლოებით 200 ოჯახი). დაპროექტებულია და უახლოეს პერიოდში დაიწყება კიდევ 25 ამხანაგობის (დაახლოებით 1500 ოჯახი) გაზიფიცირების სამუშაოები. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2013-2014 წლებში ინდივიდუალურად გაზიფიცირდა 628 ოჯახი.
გარდა ამისა, შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” უერთდება საქართველოს პრემიერ- მინისტრის მიერ დაფუძნებული “სოლიდარობის ფონდის” ინიციატივას. თანამშრომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მზადაა, ხელფასიდან გადარიცხოს თანხა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების დასახმარებლად. ამ მიზნით, კომპანიის მენეჯმენტი უახლოეს პერიოდში ფონდთან შესაბამის მემორანდუმს გააფორმებს.
შპს “ყაზტრანსგაზ -თბილისის” მენეჯმენტი გამოთქვამს სურვილს, გაუწიოს პატრონაჟი “ბერი ანდრიას” სახელობის ბავშვთა სახლს, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვები რემისიის პერიოდში ცხოვრობენ, მკურნალობენ და იტარებენ ქიმიოთერაპიის კურსს. კომპანიის ხელმძღვანელ პირთა ხელფასებიდან დაიფარება მათ მიერ 1 წლის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური.
“ყაზტრანსგაზ-თბილისი” მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის ინიციატივითაც გამოდის. კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ყველა იმ ოჯახს, სადაც ოთხი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვია, ზამთრის პერიოდში გადაუხდელობის მიზეზით გაზმომარაგება აღარ შეუწყდება. ამ მიზნით, მრავალშვილიანმა ოჯახებმა უნდა გაიარონ შესაბამისი რეგისტრაცია შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” რაიონულ ბიზნესცენტრებში. კომპანია მათ მოხმარებული ბუნებრივი გაზის განწილვადების განსაკუთრებულ პირობებს შესთავაზებს.