თბილისში გაზის აღრიცხვიანობის მოწესრიგების პროექტი ამოქმედდა
დღეიდან თბილისში ბუნებრივი გაზის აღრიცხვიანობის სისტემის უსასყიდლოდ მოწესრიგების პროექტი ამოქმედდება. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი თბილისში მცხოვრებ ყველა იმ სოციალურად დაუცველ ოჯახს შეეხება, რომლებსაც ეს სტატუსი კანონმდებლობის შესაბამისად მიენიჭათ და რომლებიც შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” აბონენტები არიან.
იმ შემთხვევაში, თუ სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიკუთვნებული ოჯახი მიიჩნევს, რომ მათი ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძი გამართულად არ მუშაობს, შეუძლია წერილობით მიმართოს კომპანიას. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” თანამშრომლები ადგილზე შეამოწმებენ აღრიცხვიანობის სისტემას და უსასყიდლოდ აღმოფხვრიან ნებისმიერ ხარვეზს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველთა კატეგორიას ამჟამად თბილისში სულ 25 911 ოჯახი მიეკუთვნება.