კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“ განცხადებას ავრცელებს

კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“ განცხადებას ავრცელებს. კოალიცია განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მასწავლებელთა პროფესიის რეგულირების რეფორმის ინიციატივას მხარს უჭერს და მიიჩნევს, რომ ინიციატივის გადაუდებელი და შეუფერხებელი განხორციელება დაუყუნებლივ უნდა მოხდეს.
“კოალიციაში „განათლება ყველასათვის – საქართველო“ გაერთიანებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები მხარს ვუჭერთ განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მასწავლებელთა პროფესიის რეგულირების რეფორმის ინიციატივას. დარწმუნებულები ვართ, რომ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა ამ რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და იგი საფუძველს უყრის თვისობრივად ახალ, თანამედროვე და კომპლექსურ მოდელს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მასწავლებელთა მოტივირება, პროფესიული კვალიფიკაციის ზრდა, პროფესიაში ახალი, ნიჭიერი კადრების მოზიდვა და, ზოგადად, მასწავლებლის სოციალური სტატუსისა და პროფესიის იმიჯის ამაღლება.
ასევე, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი სქემა გულისხმობს სკოლის ბაზაზე დაფუძნებული პროფესიული განვითარების მოდელის შექმნას და განვითარებას. ეს უდავოდ ხელს შეუწყობს სკოლის, როგორც ინსტიტუციის, გაძლიერებას. ყოველივე ეს ცალსახად მნიშვნელოვანი წინაპირობაა ზოგადი განათლების ხარისხის განვითარებისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებისათვის.
ვფიქრობთ, რომ აღნიშული რეფორმა დაგვიანებულიც კი არის და აქედან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია მისი გადაუდებელი და შეუფერხებელი განხორციელება.
იმედს ვიტოვებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მაღალპროფესიონალურ დონეზე დაიწყებს სქემის დანერგვას, რაც გულისხმობს მისი განხორციელების ჯეროვან მონიტორინგს, პერიოდულ შეფასებასა და გამოვლენილი ხარვეზების გაუმჯობესებას. ასევე ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი წარიმართება გამჭირვალედ, ყველა დაინტერსებული მხარე სათანადოდ ჩართული და ინფორმირებული იქნება, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, თავად პედაგოგთა საზოგადოება და, ასევე, საზოგადოებრივი ორგანიზაციები“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები