ირმა ინაშვილი ადვოკატ რომეო საჯაიას ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში უჩივლებს

„პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი, პირდაპირ ეთერში, ფოტოგრაფ თარხან გასვიანის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთების გამო, ადვოკატ რომეო საჯაიას ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში უჩივლებს,- ამის შესახებ განცხადება ინაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.
„პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის განმარტებით, გასვიანს არანაირი შეხება ნარკოტიკებთან არ აქვს. ინაშვილის განცხადებით, ის განცხადებები, რაც რომეო საჯაიამ ეთერში გააკეთა, გასვიანის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
„ამაზრზენი იყო, რაც მოხდა „რუსთავი 2“- ის პირდაპირ ეთერში, ამაზრზენი იყო ე.წ. ადვოკატის რომეო საჯაიას ცილისმწამებლური განცხადებები, ეს მიზნად ისახავდა ახალგაზრდა,უნიჭიერესი ფოტოხელოვანის თარხან გასვიანის დისკრედიტაციას. ეს იყო ამორალური ქმედება. ჩვენ მივმართავთ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, რომ შეისწავლონ აღნიშნული საკითხი. ადვოკატებს მარტო მაშინ არ უნდა იცავდნენ, როცა საჭიროდ თვლიან, ადვოკატებზე უნდა იმსჯელონ ეთიკის კომისიაზე მაშინაც, როდესაც ისინი არღვევენ ადამიანის უფლებებს. ეს იყო ცილისმწამებლური განცხადებები, არავითარი ნარკომომხმარებელი არ არის თარხან გასვიანი. იმის გამო, რომ მამა იყო დაპირისპირებული სააკაშვილთან, მოხვდა ციხეში და იყო რეპრესიების მსხვერპლი. რომეო საჯაია ამისთვის უნდა დაისაჯოს. დღეს ვხედავთ, რომ ადვოკატები სარგებლობენ მანტიით და ჰგონიათ, რომ დაცულები არიან. კანონის წინაშე ყველა თანაბარია“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატმა რომეო საჯაიამ თარხან გასვიანს „რუსთავი 2“- ის პირდაპირ ეთერში ნარკოდამოკიდებული უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები