“ვცდილობთ, მოვერიდოთ კრიტიკას, რადგან ადრე თუ გვიან უნდა დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ისე არ უნდა მოიქცნენ, რომ ქართველ ხალხთან სალაპარაკო პირი არ ჰქონდეთ” – მახაშვილი
“შეუძლებელია, საქართველოს მოუწოდებდნენ სადმე დაბრუნებისკენ, როდესაც თავად კანონმდებლობის გვერდის ავლით ცდილობენ, პოლიტიკური ფული ატრიალონ სხვადასხვა სახელმწიფოებში”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით ის სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებს გამოეხმაურა, მათ შორის, იმას, რომ „საქართველო უნდა დაუბრუნდეს ევროპულ გზას“.
„ეს ყველაფერი ჩვენ ვნახეთ იგივე, ამერიკის მაგალითზე, როდესაც დონალდ ტრამპმა დახურა USAID-ი და ყველასთვის ცხადი და ნათელი გახდა, თურმე სად მიდიოდა გადასახადების გადამხდელების ფული. იგივე ხდება ევროპის სახელმწიფოებიდანაც და რაც უფრო დიდხანს შეეცდებიან ამ თემის დამალვას, რუსული იარლიყების მიწებებას, საქართველოსკენ თითის გაშვერას, მით უფრო უარესი იქნება მათივე რეპუტაციისთვის, რადგან ადრე თუ გვიან ყველა სქემა და მანიპულაცია ცხადი იქნება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, თავი შევიკავოთ, მოვერიდოთ კრიტიკას, რადგან ადრე თუ გვიან უნდა დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ისე არ უნდა მოიქცნენ, რომ ქართველ ხალხთან მისასვლელი გზა, სალაპარაკო პირი არ ჰქონდეთ. რაც უფრო პრაგმატულად და რაციონალურად მიუდგებიან დიალოგს, მით უკეთესი ჩვენთვისაც და ევროკავშირისთვისაც“, – განაცხადა მახაშვილმა.