„მოწმე ჯოლოხავა ჰყვება, რა სადისტურად აწამებდნენ პატიმრებს ციხეში“

„პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, მისი და ბაჩო ახალაიას ერთ-ერთი საქმის მოწმე გოდერძი ჯოლოხავასთან ერთად იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.
ინაშვილის ინფორმაციით, გოდერძი ჯოლოხავა ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს ციხეებში პატიმართა წამების ფაქტებთან დაკავშირებით, რის გამოც მასზე რამდენჯერმე ზეწოლა განხორციელდა.
მისივე განცხადებით, მოწმეზე განხორციელებული ზეწოლა გახდა ის მიზეზი რის გამოც მან იუსტიციის მინისტრთან და გენერალურ პროკურორთან მოწმის შეხვედრას გაუკეთა ორგანიზება.
„ ჯოლოხავა არის მოწმე, რომელზეც ძალიან მძიმე ზემოქმედება განახორციელეს. ჯოლოხავამ ობიექტივის ეთერში ისაუბრა, თუ როგორ აიძულეს მას მიეცა ინტერვიუ , თითქოს მე ვაიძულებდი მას ჩვენების მიცემას. მან დაასახელა ზონდერი ადვოკატის ონიანის გვარი, რომელიც მასზე ზეწოლას ახორციელებდა. დიახ, მე გავაკეთე ორგანიზება იმისა, რომ მე და ჯოლოხავა შევხვედროდით იუსტიციის მინისტრს. ჯოლოხავა არის ძალიან მნიშვნელოვანი მოწმე, რომელიც ჰყვება, რა სადისტურად აწამებდნენ პატიმრებს ციხეში. უმნიშვნელოვანეს ეპიზოდებზეა აქ საუბარი, მოწმის ინფორმაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭირო იყო, რომ მისთვის მოესმინა მთავარ პროკურორსაც და იუსტიციის მინისტრსაც. მე მათ განცხადებით მივმართე და, როგორც წესია, მოქალაქეებთან შეხვედრის დღეებში ჩვენ შევხვდით მათ. ის, რომ მინისტრი ხვდება მოქალაქეს, ან ჟურნალისტს, ამაში დანაშაული არ არის. მინისტრი იმისთვისაა, რომ მოქალაქეებს ხვდებოდეს. შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, თუ რა ინფორმაციას ფლობდა ჯოლოხავა. ის თავს არ გრძნობდა დაცულად და ითხოვდა დაცვას“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გოდერძი ჯოლოხავამ საქმეზე ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. პირველ ჩვენებაში იგი ზეწოლაში თეა წულუკიანს, ხოლო მეორეში – ბაჩო ახალაის ახლობლებს ადანაშაულებდა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გოდერძი ჯოლოხავას საქმეზე გამოძიება გუშინ დაიწყო. უწყების ინფორმაციით, “გამოძიება მოწმე გოდერძი ჯოლოხავაზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით” მიმდინარეობს. “გამოძიების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა ბოლო დღეებში სხვადასხვა სატელევიზიო საშუალებებში გასული ინფორმაცია, ყოფილი პატიმრის გოდერძი ჯოლოხავას მიმართ სხვადასხვა პირების მხრიდან ცრუ ჩვენების მისაცემად, მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე. ამჟამად საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. მთავარი პროკურატურის მიერ მოწმეებზე ზეწოლის ნებისმიერი ფაქტი მკაცრად იქნება აღკვეთილი”, – აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები