მათიკაშვილი: გახარიას პარტიის გადაწყვეტილებით, პარლამენტის საქმიანობას არც არაფერი მოემატება და არც დააკლდება
“მათი გადაწყვეტილებით, პარლამენტის საქმიანობას არც არაფერი მოემატება და არც დააკლდება”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებას გამოეხმაურა, რომ ბოიკოტს წყვეტენ და პარლამენტში შედიან.
როგორც დეპუტატი ამბობს, ეს ყველაფერი იკითხებოდა კიდეც მოცემულობიდან, როდესაც “ჯერ კიდევ დაახლოებით თვე-ნახევრის წინ მათმა ბელადმა განაცხადა, რომ შეცდომა იყო საქართველოს პარლამენტში არ შემოსვლა და მანდატებით არსარგებლობა”.
„ამ პარტიის 12 წევრი უკვე საქართველოს პარლამენტის წევრი გახლავთ, ისინი უბრალოდ სხდომებზე არ დადიოდნენ. ეს ყველაფერი იკითხებოდა კიდეც მოცემულობიდან, როდესაც ჯერ კიდევ დაახლოებით, თვე-ნახევრის წინ, მათმა ბელადმა განაცხადა, რომ შეცდომა იყო საქართველოს პარლამენტში არ შემოსვლა და მანდატებით არ სარგებლობა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. საპარლამენტო ცხოვრება თავისი რეიტინგით გრძელდება. ვნახეთ, წინა მოწვევის პარლამენტში არამხოლოდ გახარიების პარტია, არამედ სხვა რადიკალების მონაწილეობაც. მათ თითი თითზე საკანონმდებლო საქმიანობაში არ დაუდიათ. არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ რაიმე ფორმით თავი პოზიტიურად დაემახსოვრებინათ საკანონმდებლო საქმიანობაში. ამიტომ, არც ამ ეტაპზე გვაქვს იმედი, რომ რეალურ საკანონმდებლო საქმიანობაში ჩაერთვება ვინმე, თუმცა ისინი ალბათ უკვე ახლოდან, საპარლამენტო მანდატის ფარგლებში პარლამენტში იმ სურვილებს და მიზნებს გააჟღერებენ, რაც უცხოეთიდან გარე ძალებს აქვთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.