შალვა პაპუაშვილი: ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოდანაშაულის, კორუფციის წინააღმდეგ არის ძალიან გამჭვირვალე და ყველასთვის გასაგებია ის ღონისძიებები, რასაც ატარებენ სამართალდამცავი ორგანოები

,,ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოდანაშაულის, კორუფციის წინააღმდეგ არის ძალიან გამჭვირვალე და ყველასთვის გასაგებია ის ღონისძიებები, რასაც ატარებენ სამართალდამცავი ორგანოები”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ყოფილი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყველა ჯერზე ადასტურებს, რომ მისი მთავარი ღირებულება არის ეროვნული ინტერესები.

„როგორც იცით საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის ირაკლი კობახიძე. მან, როდესაც ჩვენ ის ავირჩიეთ პრემიერ-მინისტრად, მთავარ პრიორიტეტად, მათ შორის, გამოაცხადა კორუფციასთან ბრძოლა და ჩვენი მთავარი დაპირება საპარლამენტო არჩევნებზე იყო, მათ შორის, რომ ჩვენი ლიდერობა კორუფციის სიმცირის მხრივ კიდევ უფრო გაგვეზარდა და ვიყოთ სამეულში კორუფციის სიმცირის მხრივ. ასე რომ, ეს არის ანარეკლი იმ სისხლის სამართლებრივი პოლიტიკისა, რომელსაც აწარმოებენ სამართალდამცავი უწყებები, აღმასრულებელი ხელისუფლება, უპირველეს ყოვლისა პარლამენტის დავალებით, რომელმაც ქართველი ხალხისგან მიიღო ეს მანდატი. უპირველეს ყოვლისა, ყველაფერი უნდა შევაფასოთ ქმედებებით. თქვენ ხედავთ, რომ ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოდანაშაულის, კორუფციის წინააღმდეგ არის ძალიან გამჭვირვალე და ყველასთვის გასაგები ის ღონისძიებები, რასაც ატარებენ სამართალდამცავი ორგანოები. თქვენ ასევე მოისმინეთ პრემიერ-მინისტრის მოწოდება ყველას მიმართ, რომ თუკი არსებობს რაიმე მსგავსი ეჭვები, ყველა იყოს გახსნილი, ხედავთ რომ რეაგირება არ აყოვნებს. „ქართული ოცნების“ მთელი სიძლიერე ის არის, რომ ეს არის ერთად შეკრული გუნდი და ეს გუნდი არის, რომელიც საბოლოო ჯამში განსაზღვრავს და უძღვება ქვეყანას. პარტია, რომელსაც საპატიო თავმჯდომარედ ჰყავს ბიძინა ივანიშვილი. „ქართული ოცნება“ ყველა ჯერზე ზუსტად ამას ადასტურებს, მთავარი ღირებულება, რაზეც დგას არის ეროვნული ინტერესები, ჩვენი სახელმწიფოს განვითარება. ყველაფერი, რაც ხელს უშლის ეროვნული ინტერესების განხორციელებას, ყველაფერი, რაც ხელს უშლის ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდას, ყველა ასეთი საკითხი როცა ვლინდება, ამაზე უპირველეს ყოვლისა თავად „ქართული ოცნება“ საუბრობს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები