ირაკლი კობახიძე – გახარიასა და „ლელოზე“: რა თანამშრომლობაზეა საუბარი, როდესაც პირდაპირ, გარე დავალებით მტრობა აქვთ გამოცხადებული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც ორჯერ ზედიზედ, 1 100 000-ზე მეტმა ქართველმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, მათი დავალებაა, შეძლებისდაგვარად განაგრძონ საბოტაჟი
რა თანამშრომლობაზეა საუბარი, როდესაც პირდაპირ, გარე დავალებით მტრობა აქვთ გამოცხადებული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც ორჯერ ზედიზედ, 1 100 000-ზე მეტმა ქართველმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში გახარიასა და „ლელოსთან“ შესაძლო თანამშრომლობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მათ აქვთ დავალება, რომ არ უნდა აღიარონ ხელისუფლების არც საშინაო პოლიტიკური და არც საგარეო პოლიტიკური ლეგიტიმაცია და ასეთ პირობებში თანამშრომლობას აზრი არ აქვს.
„არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღიარონ არჩევნების დემოკრატიულობა. საპარლამენტო არჩევნები იგულისხმება პირველ რიგში, თვითმმართველობა ამ კუთხით ნაკლებად აქტუალურია და მიჰყვებიან ამ დღის წესრიგს. ისინი დღემდე არ აღიარებენ ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას. გახარიას პარტია ბოიკოტს შეცდომად მიიჩნევს, მაგრამ არჩევნები დემოკრატიული იყოო, დღემდე არ წამოსცდენიათ. წამოსცდა ის, რომ თვითონ არ მიუღია იმაზე მეტი ხმა, ვიდრე დაფიქსირდა ცესკოს მონაცემებით, მაგრამ არ აღიარებს ცესკოს ლეგიტიმურობას, იმიტომ, რომ დავალება აქვს ასეთი. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, დღემდე აცხადებენ ეს ადამიანები, რომ რუსული ხელისუფლება ჰყავს ამ ქვეყანას, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ, ხელისუფლების რუსულ ხელისუფლებად გამოცხადება ნიშნავს მისი საგარეო პოლიტიკური კუთხით ლეგიტიმაციის არაღიარებას. ამ პირობებში რა თანამშრომლობაზეა საუბარი, როდესაც პირდაპირ, გარე დავალებით მტრობა აქვთ გამოცხადებული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც ორჯერ ზედიზედ, 1 100 000-ზე მეტმა ქართველმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. ამას როცა არ აღიარებ, როგორ უნდა შედგეს თანამშრომლობა. ვერც ისინი შეძლებენ, რადგან მათ სხვა დავალება აქვთ. მათი დავალებაა, განაგრძონ შეძლებისდაგვარად საბოტაჟი. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, აზრი არ აქვს. ჩვენ ძალიან დიდი ინტერესი გვაქვს, გვყავდეს ჯანსაღი ოპონენტი. იგივე კორუფციაზე ჩვენ გვჭირდება დახმარება. ნეტავ, ვინმემ მოგვიტანოს კონკრეტული ფაქტები, რაზეც არის ეჭვები. არავითარი ამდაგვარი, ეს არც აინტერესებთ საერთოდ. იქნებ რაღაც არასწორად ან უხარისხოდ კეთდება, ნეტავ, ვინმემ მოგვიტანოს, ნეტავ ვინმემ მომიტანოს პირადად მე ასეთი რამ, რაც გამიადვილებს შემდეგ ჩარევას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.