“ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც თქვა, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება იზღუდება, ეს არის სამარცხვინო განცხადება” – სამხარაძე
“ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც დაახლოებით 50 ადამიანთან ერთად იდგა და თქვა, რომ საქართველოში თურმე გამოხატვის თავისუფლება იზღუდება, ეს არის სამარცხვინო განცხადება”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მიესალმება ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას, რომელმაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთო-ს თავმჯდომარესთან, ელინა ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა.
„პრემიერ-მინისტრმა ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ამას მივესალმები. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყველანაირი მორალური და ეთიკური ნორმა დაარღვია. აქ საქმე არ არის დიპლომატიასა და ორმხრივ ურთიერთობებზე. საპროტესტო აქციაზე მივიდა და იქ დაახლოებით 50 ადამიანთან ერთად იდგა, მათ შორის გადაკეტილ რუსთაველის გამზირზე და თქვა, რომ თურმე, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება იზღუდება, ანუ, თვითონვე იმ გამზირზე იდგა, სადაც გამოხატვის თავისუფლება შეიძლება, იყოს მაღალ დონეზე, ისეთ დონეზე, რომელიც შეიძლება, ჰელსინკში არ იყოს. ფინეთში 50 ადამიანი ვერ გადაკეტავს მთავარ გამზირს, ამის ბევრი ფაქტი არსებობს. ეს არამეგობრული აქტი იყო, მაგრამ უფრო სამარცხვინო ის განცხადება იყო, რომელიც მან გააკეთა“, – განაცხადა სამხარაძემ.