„რა ფასი აქვს ოძისში, საოკუპაციო ხაზთან სუვერენიტეტის მხარდამჭერ განცხადებას, როდესაც სუვერენიტეტს თავად არღვევ რუსთაველის გამზირზე,“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის მისამართით განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს ვიზიტი გამოყენებული იქნა მისი მხრიდან იმისთვის, რომ მხარი დაეჭირა რადიკალური ჯგუფებისთვის.
„მინდა გამოვეხმაურო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რომელიც ამავე დროს არის ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, გუშინდელ საქციელს, როდესაც მონაწილეობა მიიღო კანონსაწინააღმდეგო აქციაში, გზის გადაკეტვაში. ყველა ხედავდა ამას პირდაპირ ეთერსა, თუ ფოტოებში. მის განცხადებაში ცრუ ნარატივების მცდელობაც მოვისმინეთ. დღეს ყველამ ვნახეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება, მთავრობის პოზიცია, რომ გაუქმდა შეხვედრა. ზუსტად ეს არის ის, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ხდება საერთაშორისო ინსტიტუტების ინსტრუმენტალიზაცია და იარაღად გამოყენება ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ზუსტად ეუთო-ს თავმჯდომარეობის ფარგლებშია ვიზიტით ჩამოსული და ეს ვიზიტი გამოყენებული იქნა მისი მხრიდან იმისთვის, რომ მხარი დაეჭირა რადიკალური ჯგუფებისთვის. ამას შეჩვეული ვართ, თუმცა ასევე პირდაპირ და უხეშად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა და „ვენის კონვენციის“ 41-ე მუხლი.
დღეს დილით ქალბატონი მინისტრი იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან, ოძისში და როგორც გუშინდელ განცხადებებში, დღესაც სურს აჩვენოს სუვერენიტეტის პატივისცემა, თუმცა რა ფასი აქვს ოძისში სუვერენიტეტის მხარდამჭერ განცხადებას, როდესაც სუვერენიტეტს თავად არღვევ რუსთაველის გამზირზე?! მნიშვნელოვანია საზოგადოებამ კარგად გააანალიზოს ეს საქციელი, რომელიც ერთის მხრივ ეუთო-ს როგორც ორგანიზაციას ურტყამს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 14 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან მივიდა და პარლამენტთან შეკრებილებს გაესაუბრა.